საქპატენტმა ადგილწარმოშობის დასახელება – „ნარჩვი“ დაარეგისტრირა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“, ასოციაცია „სვანური ნარჩვის“ განაცხადის საფუძველზე, ქართული ყველი „ნარჩვი” ადგილწარმოშობის დასახელებად დაარეგისტრირა.

„ნარჩვი“ ძროხის ნედლი, მოუხდელი რძისგან დამზადებული ყველია, რომელიც ხის ყუთში მწიფდება. დაპრესილ ყველს აქვს ყუთის ფორმა, რომელშიც იგი მოთავსებულია. მის სპეციფიკაციას განსაზღვრავს პროდუქტის წარმოების ტრადიციული მეთოდები და კონკრეტული გეოგრაფიული არეალი – ზემო სვანეთი, რაც მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების: ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს.

ტრადიციულად, ნარჩვის დამზადება მარიამობის მეორე დღეს, 29 აგვისტოს იწყება და ნოემბრის ბოლოს სრულდება. თუმცა დასაშვებია წარმოების პროცესის მაისიდან დაწყება, თუ ყველის მომწიფების ოთახში ტემპერატურული რეჟიმი იქნება დაცული. მისი დამზადების წესი კი ასეთია: მომწიფებულ ყველს ხელით მოჭყლიტავენ, სანამ ერთიან ცომისებურ მასას არ მიიღებენ და წინასწარ გამზადებულ ხის ყუთში ჩატენიან. ყუთი სვანეთის ტყეში მიღებული ფოთლოვანი ან წიწვოვანი ხის მასალისგან მზადდება. ხის მასალა კარგად გამომშრალი უნდა იყოს. ყუთს უკეთდება ნასვრეტები (გვერდიდან და ძირზე) ან ფიცრებს შორის სიცარიელეს ტოვებენ, რათა ყველი კარგად დაიწრიტოს. მას შემდეგ რაც ყუთში ყველს მოათავსებენ თავზე ხის თავსახურს დააფარებენ და ზემოდან სიმძიმეს დაადებენ. მომწიფება ხის ყუთში გრძელდება, მშრალ და გრილ ადგილას. ტემპერატურა +15°C-ს არ უნდა აღემატებოდეს. მომწიფებულ ნარჩვს აქვს თხილის და ნიგვზის გემო.

2020 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ყველის „ნარჩვის“ დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ – Saveur გამოაქვეყნა სტატია ადაც წერია: „(https://www.saveur.com/cheese-of-northern-georgia/), სმასპინძელმა ამ ყველს ღვთის საჩუქარი უწოდა და ეს გადამეტებული არ ყოფილა, რადგან ის ნამდვილად არაორდინალური ყველია. ნარჩვი – ეს არის ძროხის რძისგან დამზადებული, ღრმა და ინტენსიური არომატის მქონე ყველი, რომელსაც კარაქის მსგავსი ტექსტურა და თავიდან მოტკბო გემო აქვს. მას ერთი წლის განმავლობაში ხის ყუთში ინახავენ. ამ დროს ყველს თხილის გემო ემატება“. აღნიშნული სტატიიდან ამონარიდს ვკითხულობთ ადგილწარმოშობის დასახელების სარეგისტრაციო განაცხადის მასალებში, რომელიც საქპატენტში ასოციაციამ -„სვანური ნარჩვი“, წარადგინა.

„ნარჩვის“ შესახებ დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/

დღეის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 44 ადგილწარმოშობის დასახელება და 32 გეოგრაფიული აღნიშვნა. პროდუქტისთვის ასეთი სტატუსის მინიჭება უზრუნველყოფს მისი იდენტობის დაცვასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საქმეში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები