„ეთიოპიის ავიახაზების“ ბოინგმა ავიაკატასტროფა განიცადა
“Ethiopian Airlines”- ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ადის-აბებადან კენიის დედაქალაქ ნაირობისკენ ასრულებდა, კატასტროფა განიცადა, ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიალაინერ 737-800MAX-თან კავშირი აფრენიდან ათ წუთში შეწყდა. სააგენტო „როიტერთან“, ეთიოპიის ავიაკომპანიის წარმომადგენლობა კატასტროფის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით, 8:44 წუთზე მოხდა. ამ დროისთვის, გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა, აბი აჰმედ ალიმ სოციალურ ქსელში ლაინერის მგზავრების და ეკიპაჟის წევრებს უკვე მიუსამძიმრა.