ლევან მაჭავარიანი – 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები, ვიდეომასალა და შესაბამისად, დაკავებულებს მხოლოდ თავის მართლება დარჩათ

„4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები, ვიდეომასალა და შესაბამისად, დაკავებულებს მხოლოდ თავის მართლება დარჩათ,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო წინასწარ, დიდი ხნის წინ დაგეგმილი კამპანია, სადაც ეს აქტორები ხელისუფლების დამხობით იმუქრებოდნენ.

„გვახსოვს, ერთი თვის განმავლობაში დანარჩენი დაკავებულებიც როგორ იმუქრებოდნენ, რომ ეს იქნებოდა დამხობის აქცია, რომ საქართველოში რაღაცა ნეპალის სცენარი განმეორდებოდა და შემდეგ ვიხილეთ, ეს აქტორები როგორ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რომ პრეზიდენტის სასახლესთან გადასულიყვნენ, სასახლე შტურმით აეღოთ და შემდეგ უკვე დანარჩენი ადმინისტრაციული შენობებიც. რა თქმა უნდა, მტკიცებულებების საკმაოდ მაღალი ხარისხი და სტანდარტი არსებობს დაკავებულებთან მიმართებით, ვინაიდან ვიდეომასალა არსებობს აბსოლუტურად ყველაფრის, შესაბამისად, ახლა მხოლოდ თავის მართლება დარჩათ.

ლოგიკურად თუ მივყვებით, რა თქმა უნდა, ბატონი მანჯგალაძე ამ ყველაფერში ჩართული იყო. ეს არ იყო ერთი და ორი თვის დაგეგმილი, ეს იყო წინასწარ, დიდი ხნის წინ დაგეგმილი კამპანია, სადაც ეს აქტორები ხელისუფლების დამხობით იმუქრებოდნენ. ბატონ მანჯგალაძეს მართლა რამე კითხვა თუ ჰქონდა ბურჭულაძესთან, შეეძლო, დაერეკა ან აქციის დაწყებამდე ეკითხა“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები