ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო კომიტეტებსაც დატოვებენ
უმრავლესობის ყოფილ წევრებს – ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და ბექა ნაცვლიშვილს იმ კომიტეტებიდან გასვლა მოუწევთ, სადაც „ქართული ოცნების“ ფრაქციათა კვოტით არიან წარდგენილნი.
კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომლის წევრებიც ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი არიან, დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით შესულია პარლამენტარი ნატო ჩხეიძე.
ბექა ნაცვლიშვილს, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც დატოვებს.
ცნობისათვის, საპარლამენტო კომიტეტების ფორმირება ფრაქციების მიერ დეპუტატების წარდგენით, პროპორციულობის წესით ხდება.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულმა პირებმა უმრავლესობასთან ერთად, ფრაქციაც დატოვეს, ისინი კომიტეტის შემადგენლობაში ფრაქციის კვოტით ვეღარ დარჩებიან.
იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობიდან გასული დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებას შეძლებენ, ფრაქციას კომიტეტებში თითო წევრის წარდგენის შესაძლებლობა ექნება.