„დღეს დეფიციტი არ არსებობს იმისა, რომ მინისტრებისგან მივიღოთ ამომწურავი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე“
„დღეს არანაირი დეფიციტი არ არსებობს იმისა, რომ მინისტრებისგან მივიღოთ ამომწურავი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე“,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, სალომე სამადაშვილის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პორტის შესახებ საგარეო კომიტეტის სხდომის ჩანიშვნას ეხება.
ქაცარავას თქმით, მარტის შუა რიცხვებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაგეგმილი აქვს მინისტრის მოსმენა, რომლის დროსაც ნებისმიერ მონაწილეს ექნება კითხვების დასმის და მათზე პასუხების მიღების საშუალება.
„დღეს არანაირი დეფიციტი არ არსებობს იმისა, რომ მინისტრებისგან მივიღოთ ამომწურავი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე. ამისთვის ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი და საშუალება პარლამენტში, რომ უზრუნველვყოთ პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურებულია ახლა, რისი მოწმეც არის ჩვენი საზოგადოება. რაც შეეხება კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მიერ გაცხადებულ ინიციატივას კომიტეტში მინისტრების მოწვევასთან დაკავშირებით, გასულ კვირას მაია ცქიტიშვილი იმყოფებოდა პარლამენტში და 8 საათის განმავლობაში პასუხობდა დასმულ კითხვებს, რომლის დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა, მათ შორის, ანაკლიის პროექტის შესახებ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, მარტის შუა რიცხვებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ისედაც დაგეგმილი აქვს მინისტრის მოსმენა, რომლის დროსაც ნებისმიერ მონაწილეს ექნება კითხვების დასმის და მათზე პასუხების მიღების საშუალება“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, ანაკლიის პორტის თემაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა. „დღეს მოვითხოვ, რომ საგარეო კომიტეტის სხდომა ჩატარდეს უახლოეს დღეებში, კონკრეტულად ანაკლიის პორტის თემაზე. კომიტეტზე მობრძანდებიან როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები“,- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.