მამუკა არეშიძე: რა შეუცვლელები არიან ეს მოსამართლეები ასეთი, რომ „ ქართულმა ოცნებამ“ ასე გაწირა საკუთარი რეიტინგი

ვერ წარმომედგინა, რაში სჭირდებოდათ ეს ამბავი, რა შეუცვლელები არიან ეს მოსამართლეები ასეთი სასამართლო სისტემაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასე გაწირა საკუთარი რეიტინგი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არეშიძე სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი მმართველი გუნდის რეიტინგზე უარყოფითად უკვე აისახა.
„იმ გუნდს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ მოსამართლეების ერთი ნაწილი მაინც გაიყვანოს სასამართლო სისტემაში. მეორე ნაწილი წინააღმდეგობას უწევს. ვინ გაიმარჯვებს, ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივ პოზიციაზე, ასევე იმაზე, რამდენად აქტიურად და სწორად იმოქმედებს მეორე ჯგუფი, სხვათა შორის, უმრავლესობაში დარჩენილი ზოგიერთი ადამიანიც. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია, რომლებსაც, ბუნებრივია, პროცესებზე გავლენები აქვთ.
ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ რეიტინგზე უკვე ძალიან უარყოფითად აისახა, სამწუხაროდ. ვერ წარმომედგინა, რაში სჭირდებოდათ ეს ამბავი, რა შეუცვლელები არიან ეს მოსამართლეები ასეთი სასამართლო სისტემაში, რომ ასე გაწირეს საკუთარი რეიტინგი, ასეთი დარტყმა მიაყენეს საკუთარ რეიტინგს. უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსამართლეები გარკვეულ გავლენებს ფლობენ, არავითარ შემთხვევაში არ არიან იმ გავლენების მატარებლები, როგორც თავად ახდენენ პოზიციონირებას, რომ შეუძლიათ სასამართლო სისტემა მართონ. არ შეუძლიათ მართონ. სასამართლო სისტემაში უამრავი კეთილსინდისიერი და პატიოსანი მოსამართლეა, რომელიც გაღიზიანებულია პოლიტიკური ხელმძღვანელების ასეთი პოზიციით, ისინი ამბობენ, ჩვენ ვინ ვართ, არავის ვჭირდებით, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი აზრი გამოვთქვათო. საქმეს იქამდე მიიყვანენ, როგორც ჩანს, რომ მესამე ძალა გაჩნდება მოსამართლეთა შორის, რომელიც თავისი პოზიციის გამოხატვას მოინდომებს ცოტა ხანში“, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები