“პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ გვენეტაძის არგუმენტებს, არ ვიფიქროთ მხოლოდ პოლიტიკურ ქულებსა და ინტერესებზე”
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ, რადგან მისივე განმარტებით, მათ პოლიტიკურ ინტერესებს არ გადაყვეს მთავარი.
როგორც მდინარაძე აცხადებს, კობა გვენეტაძემ მოიყვანა არგუმენტები, თუ რატომ ვერ მოხდება მოთხოვნილი ორი საკითხის განხილვა, რომელიც საბანკო რეგულაციებს და „თიბისი ბანკს“ ეხება, ამიტომ, უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, იზიარებს თუ არა კომიტეტი ამ მოსაზრებას.
„ირონიაც არ არის საჭირო და არც გაბრაზებული დამოკიდებულება, თუმცა, მოდით, გავამარტივოთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი არგუმენტებში არ დაიკარგოს. ადამიანი, რომელიც წარდგა პარლამენტის წინაშე, თქვა ორი რამ – პირველი ის, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით მინიმუმ ერთი კვარტალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და ამაზე მსჯელობა იყოს რეალური და არა მხოლოდ მსჯელობა მსჯელობისთვის. ეს მარტივია. და მეორე, იმ საქმესთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენმა კოლეგებმა მოიწვიეს კობა გვენეტაძე პარლამენტში – არ არსებობს მსოფლიოში პრაქტიკა, როდესაც რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი, ან კერძო პირები ან მისი წარმომადგენლები ერთად, ღია ფორმატში განიხილავენ მსგავს საქმეებს, მათ შორის საკომიტეტო მსჯელობის დროს. არ არსებობს ასეთი პრაქტიკა, რადგან ის დამაზიანებელია ფინანსური სექტორისათვის, დამაზიანებელია ეროვნული ბანკისთვის, არ შეესაბამება კონფიდენციალურიბის პრინციპს, არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რითაც ხელმძღვანელობს რეგულატორი, აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია იმის გაგება და აღქმა, რომ ასეთი ფორმატი არის დამაზიანებელი და უნდა ვიფიქროთ სხვა ფორმატზე. პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი და არ ვიფიქროთ მხოლოდ პოლიტიკურ ქულებსა და ინტერესებზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსნებთ, რომ დღეს კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას და დეპუტატებს სხდომის დაწყებისთანავე მიმართა, რომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა არ არის მართებული.