არეშიძე: ვერ ვიტყვი, რომ ივანიშვილი სიტუაციას ვერ მართავს, მან უბრალოდ აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა

ვერ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი სიტუაციას ვერ მართავს, მან უბრალოდ ეს გადაწყვეტილება აირჩია, რომ აქცენტი,  პირობითად, ახალგაზრდებზე გაეკეთებინა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არეშიძე „ქართულ ოცნებაში“ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. არეშიძეს სწორად არ მიაჩნია ვერსია, რომლის თანახმადაც, ივანიშვილი სატელიტ ოპოზიციურ ძალას აყალიბებს.
„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ახალი სატელიტური ძალის შექმნის ვერსია სწორი იყოს. ასეთი ვერსია რომ წამოჭრა ადამიანმა, კარგად უნდა იცნობდე ივანიშვილს და მიხვდები, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მისი ხასიათის თვისება არ არის.
რაც შეეხება თავად სიტუაციას – სიტუაცია, რასაკვირველია, საკმაოდ მძიმეა. გარკვეულწილად, ბურუსითაა მოცული. მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, მაინც მიმდინარეობს ის, რაც ერთხელ უკვე მოხდა საქართველოს ისტორიაში, „ძველების“ და „ახლების“, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაპირისპირება, რაც გვქონდა უკვე 90-იანი წლების მეორე ნახევარში. როგორც ჩანს, ეს მეორდება. ამ დაპირისპირების ბოლო, ჯერჯერობით, არ ჩანს. როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებს „ქართული ოცნების“ რიგებს.
ადრე ვფიქრობდი, ეს რომ ყოფილიყო თავიდან არიდებული, ივანიშვილს სჭრიდებოდა ხანძრის ჩაქრობისთვის სასწრაფო ზომების მიღება. მაგრამ ეს არ მოინდომა, როგორც ჩანს.
რაც შეეხება იმას, ივანიშვილი მართავს თუ არა სიტუაციას – მე ვერ ვიტყვი, რომ ივანიშვილი სიტუაციას ვერ მართავს, მან უბრალოდ ეს გადაწყვეტილება აირჩია, რომ აქცენტი გაეკეთებინა პირობითად ახალგაზრდებზე . ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მიდგომას არ ემორჩილება მას კარი გაუხსნეს, თავისუფლება მისცეს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახენებთ „ქართული ოცნება“ ეკა ბესელიამ, გედი ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები