ბრაზილიიდან ამანათით მიღებული კოკაინი- პოლიციამ ქობულეთში 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ, სამართალდამცველი ორგანოების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შსს-მ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო.
სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ა.ჯ. და 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე – ნ.კ. დააკავეს, რომლებსაც დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, თურქეთის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი” ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიიდან ნ.კ.-ს სახელზე ამანათით გამოიგზავნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები