ყინწვისის ტაძრის ტერიტორიის განვითარების საპროექტო დოკუმენტაცია
ყინწვისის კომპლექსის სამონასტრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ტაძრის ტერიტორიის განვითარების მიზნით საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი XII-XIII სს. მიჯნას განეკუთვნება. მასში შემავალ ნაგებობათაგან დომინანტი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა, რომლის ფრესკებიც ქართული შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშთაგანია.
იგი შესრულდა თამარ მეფის პირველი ვეზირის – ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით და ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულნი არიან: თავად მეფე თამარი, გიორგი III და ლაშა-გიორგი. ამავე პერიოდისაა წმ. ნიკოლოზის ჩრდილო-დასავლეთით, ცალკე მდგომი ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესიის ნანგრევი, რომლის მცირედ შემორჩენილ ფრესკებს დროებითი გადახურვა იცავს. წმ. ნიკოლოზის მინაშენები სამხრეთით და ჩრდილოეთით XIVს-შია გამართული, ამ დროის უნდა იყოს დასავლეთ კედელთან მდგომი წმ. გიორგის პატარა ტაძარიც. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შემავალი კარიბჭე – ორსართულიანი სამრეკლოს პირველი სართული, აღდგენილია და 2011 წელსაა რეაბილიტირებული.