ესპანეთში ქართული კულტურის კვირეული გაიმართება
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ესპანეთში ქართული კულტურის კვირეული გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27 მაისს, მადრიდის სან ხერონიმოს ეკლესიაში ქართული ანსამბლი “ალილოს” კონცერტი ჩატარდება.
28 მაისს მადრიდის საფეხბურთო კლუბის “Atletico de Madrid”-ის მოედანზე მოეწყობა “მადრიდის ატლეტიკოს” საფეხბურთო კლუბის უნივერსიტეტის გახსნის ცერემონია, რომელსაც ოფიციალურად გახსნის ესპანეთის მეფის ქალიშვილი ინფანტა ელენა. ღონისძიება ქართული ნაციონალური ბალეტის, “სუხიშვილების” კონცერტით დასრულდება.
29 მაისს მადრიდის სასტუმრო “Intercontinental”-ში მოეწყობა საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება-ვახშამი, რომელზეც მიწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართულ სამზარეულოს გაეცნონ. მიღებაში მონაწილეობას ანსამბლი “ალილო” მიიღებს.
30 მაისს ლა რიოხას ავტონომიურ რეგიონში, ბრიონესში მდებარე ღვინის კულტურის ცენტრ “Dinastia Vivanco”-ში ანსამბლ “შვიდკაცას” კონცერტი ჩატარდება და ქართული ღვინისა და სხვადასხვა სახეობის ყველის დეგუსტაცია მოეწყობა.
26 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით მადრიდის სასტუმრო “Intercontinental”-ში მოეწყობა ქართული კულინარიის კვირეული, რომლის ორგანიზებისთვის მადრიდში მიწვეულია ქართველი შეფ-მზარეული თამარ გაჩეჩილაძე.
4-6 ივნისს ესპანეთის ქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელაში გაიმართება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ კულტურულ ნაწილში ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” მონაწილეობს.