მიხეილ რამიშვილი: დეკანოზ მამალაძის აღსარებას ძალიან ერიდებიან, ვინც მოუსმინა, ყველა განცვიფრებული იყო

დეკანოზ გიორგი მამალაძის აღსარებას ძალიან ერიდებიან, იმიტომ, რომ ვინც მოახერხა მისი მოსმენა, მეუფე გრიგოლი, მეუფე პეტრე, ყველა განცვიფრებული გამოდიოდა, ზოგი აღშფოთებულიც იყო, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპატრიარქოს მამა გიორგის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. ადვოკატები ითხოვენ, დეკანოზის ზიარების შესახებ გადაწყვეტილება, უშუალოდ საპატრიარქომ მიიღოს.
“ოჯახს რომ არ გამოეყენებინა ეს კატეგორიული პროტესტის ფორმა, მერწმუნეთ, სტრასბურგიდან სანამ არ ჩამოვიდოდა ეს გადაწყვეტილება, რაც ყველაფერს ნათელს მოჰფენდა, იქამდე მხოლოდ სიტყვიერად იქნებოდა ნათქვამი, რომ ვაზიარებთო. შობამდე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო იყო შესული და დეკანოზს უთხრა, რომ შობამდე უნდა მომხდარიყო მისი ზიარება. სიტყვა დარჩა სიტყვად, ქმედება არ განხორციელებულა. ამის შემდეგ ჩვენ უბრალოდ კითხვის ნიშანიც აღარ გვრჩება. პირდაპირ ვხედავთ, რა არაჯანსაღი დამოკიდებულებაა მამა გიორგის მიმართ. ესაა გაფრთხილება, რომ ყველა სასულიერო პირი, რომელსაც თავისი აზრი გააჩნია, არ უნდა ჩაერიოს.
ყველას კარგად მოგვეხსენება, ზიარებას წინ ყოველთვის აღსარება უსწრებს , ჩვენ მაგას ვამბობთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის აღსარებას ძალიან ერიდებიან , იმიტომ, რომ ვინც მოახერხა მისი მოსმენა, იყო მეუფე გრიგოლი, მეუფე პეტრე, ყველა განცვიფრებული გამოდიოდა, ზოგი აღშფოთებულიც იყო“- განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატები ამბობენ, რომ თუ კონკრეტული სასულიერო პირი მამა გიორგის აზიარებს, მას საპატრიარქოში დასჯიან. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, არც გიორგი მამალაძეს და არც მის ოჯახს, არ სურს, რომ დეკანოზის ზიარების გამო, რომელიმე მღვდელი დაისაჯოს.
„ოჯახის, ადვოკატების მოთხოვნაა, რომ უშუალოდ საპატრიარქომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება , გადაწყვეტილება მიღებული იქნას მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირების მიერ, გაიცეს ლოცვა-კურთხევა იმასთან დაკავშირებით, რომ დეკანოზი აზიარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს განცხადება არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა”- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ცნობისთვის, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ზიარების სურვილი გამოთქვა. ის დეკანოზი მამალაძის სულიერი მოძღვარია.
ამის შესახებ დეკანოზმა გიგატაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა. ის ამბობს, რომ უკვე აქვს ამის შესახებ კურთხევა.
“როგორც მის მოძღვარს, აქამდეც მქონდა ამის სურვილი”, – განაცხადა დეკანოზმა.
2 დღის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ მსჯავრდებული დეკანოზის ზიარების საკითხზე განცხადება გაავრცელა.
“ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა”, – წერია განცხადებაში.
რამდენიმე დღეა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ. მათ საპატრიარქოსთან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაკავებულ დეკანოზს ზიარების უფლება მიეცეს.
პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას აპირებდა და ამას ანგარებით აკეთებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება – ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.
2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები