თბილისში ჯორჯ ბალანჩინის საიუბილეო საღამო გაიმართება
23 მაისს, 20 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ჯორჯ ბალანჩინის საიუბილეო საღამო გაიმართება.
2014 წლის 22 იანვარს უდიდეს ქორეოგრაფს ჯორჯ ბალანჩინს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიციატივით გადაწყდა, რომ საიუბილეო ღონისძიებები საქართველოში მაისში აღნიშნულიყო. ამერიკის საელჩო პროექტს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან და საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმთან ერთად ახორციელებს. ღონისძიებაში მონაწილეობენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი და ორკესტრი. კონცერტს დავით მუქერია უდირიჟორებს.
საიუბილეო საღამოს პირველ განყოფილებაში საბალეტო დასი ბალანჩინის ბალეტს „სერენადას“ იცეკვებს, შესრულდება საპრემიერო სპექტაკლი Concerto Barocco. საღამოს დაასრულებს საბალეტო წარმოდგენა მსოფლიოს ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით.
თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის საიუბილეო საღამოში მონაწილეობენ: ელენე გლურჯიძე (ინგლისის ნაციონალური ბალეტი), იგორ ზელენსკი (მარიას თეატრი), იგორ არტამონოვი (მინსკის დიდი თეატრი), ლალი კანდელაკი, რიო კატო (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი), მაია მახათელი და არტურ შესტერიკოვი (ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტი), იანა სალენკო და რაინერ კრენსტეტერი (ბერლინის შტატსოპერა), ანასტასია სტაშკევიჩი და ვიაჩესლავ ლოპატინი (მოსკოვის დიდი თეატრი).
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 2004 წლიდან, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, ბალანჩინის ათი საბალეტო წარმოდგენა დაიდგა. საიუბილეოდ მაყურებელი ამ ქორეოგრაფის კიდევ ერთ შედევრს – Concerto Barocco-ს („კონჩერტო ბაროკო“) ნახავს. ბალანჩინის ბალეტს თბილისში ჯორჯ ბალანჩინის ფონდის ბალეტმაისტერი, ბალანჩინის ყოფილი მოსწავლე და „ნიუ იორკ სითი ბალეს“ სოლისტი ბარტ კუკი დგამს. საიუბილეო ღონისძიებების გენერალური სპონსორია აშშ-ის საელჩო საქართველოში. საიუბილეო საღამოს მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი, ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, კომპანია „თურქეთის ავიახაზები“, „ჰოლიდეი ინნი“, ფუნიკულიორი.