ლალი მოროშკინა: დარბაისელის გადადგომა ჩემი კი არა, თითოეული პატიმრის გამარჯვებაა
დარბაისელის გადადგომა მხოლოდ ჩემი კია არა, თითოეული პატიმრის გამარჯვებაა, – ასე გამოეხმაურა „კვირასთან“ საუბრისას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩეველი ლალი მოროშკინა დიმიტრი დარბაისელის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს. როგორც მოროშკინა აცხადებს, დიმიტრი დარბაისელი სისხლის სამართლის დამნაშავეა და მან ყველა ჩადენილ დანაშაულზე პასუხი სასამართლოს წესით უნდა აგოს. მოროშკინასთვის დარბაისელის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტება, რომ თანამშრომლები პრემიებს იმსახურებდნენ, მიუღებელია. როგორც ის აცხადებს, თანამშრომლები, რომლებზეც მაღალი პრემიები გაიცა, დეპარტამენტში სამი კვირის მოსულები იყვნენ.
„დარბაისელი ტყუილს ამბობს, როცა აცხადებს, რომ თანამშრომლები სისტემაში მძიმე სამუშაოებს ატარებდნენ და ამიტომ ეკუთვნოდათ ასეთი მაღალი პრემიები. სამი კვირის მოსულები იყვნენ, როდესაც ასეთი მაღალი პრემიები დაარიგეს. მძიმე სამუშაო ჩვენ, მანამდე მომუშავე გუნდმა, ჩავატარეთ და არანაირი პრემია არ აგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავით მეც, ქალბატონი მაია ხასიაც და მიხეილ ღურწკაიაც.
დარბაისელი იმიტომ გადადგა, რომ მას ნარკოლოგიური ცნობა უნდა მიეტანა და ამას რომ ვერ აკეთებს, იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ის ფული, რომელიც ბიუჯეტიდან მოიპარა, უკან უნდა დააბრუნოს. ჩემი ინფორმაციით, ეს პრემიების სახით გაცემული ფული კვლავ დარბაისელის ჯიბეში მიდიოდა. უნდა დაიკითხოს თითოეული ადამიანი, რომელზეც პრემია გაიცა, მათ უნდა გაგვაგებინონ, მართლა აიღეს ეს თანხები, თუ ესეც „ობშიაკს“ მოხმარდა.
დარბაისელი სისხლის სამართლის დამნაშავეა, ამიტომ სასამართლოში შემაქვს სარჩელი და ის სასამართლოს წინაშე პასუხს აგებს. მე მოვითხოვ, რომ ეს ადამიანი ჩამოშორდეს ყველანაირ ძალოვან უწყებას, რათა პირად ანგარიშსწორებებზე არ გადავიდეს. მას შეეშინდა იმ ფაქტის, რომ პოლიციაში საჩივარი დავწერე პირადი ცხოვრების გასაჯაროებაზე. სასწრაფოდ უნდა მოხდეს დარბაისელის და იმ “ზონდერების“ საქმიანობის გამოძიება, რომლებიც ამოცნობილები არიან. ის, რაც დღეს მოხდა, ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ თითოეული პატიმრის, მათი ოჯახების გამარჯვება. მე ბრძოლას ვაგრძელებ“, – განუცხადა “კვირას“ ლალი მოროშკინა.