გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„გივი მიქანაძემ ბახტიორ საიდოვს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ქართულ-უზბეკურ ერთობლივ ინიციატივას – „რექტორთა საგანმანათლებლო ფორუმს“, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ქართველი და უზბეკი სტუდენტებისთვის ბანაკების ორგანიზების საკითხი და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გივი მიქანაძეს საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე თანამშრომლობის გაფართოების მზაობა დაუდასტურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები