თორუების ოჯახის დასახმარებლად „ჩერნოვეცკის“ ფონდმა საქველმოქმედო აქცია დააანონსა
თორუების მრავალშვილიანი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. 7 მცირეწლოვან ბავშვს არ გააჩნია ელემენტარული პირობები ნორმალური განვითარებისთვის. ისინი ხშირად შიმშილობენ, ავადმყოფობენ, ხოლო ტანსაცმლის არქონის გამო ხშირად აცდენენ გაკვეთილებს. თორუების ოჯახი ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს, სადაც ობის სუნი დგას, ავეჯი მწყობრიდან არის გამოსული, სახურავიდან კი წვიმა ჩამოდის…
თორუების ოჯახის დასახმარებლად „ჩერნოვეცკის“ ფონდმა საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა 50 ქველმოქმედმა მიიღო. საერთო ჯამში შეგროვდა 1080 ლარი. ამ თანხით ფონდმა მათთვის შეისყიდა საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები ანუ ის, რაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ მოცემულ ეტაპზე.
მეგობრებო, თქვენ ამ ბავშვებს დიდი საახალწლო საჩუქარი გაუკეთეთ! შესაძლოა, ზოგისთვის ეს თანხა არაფერს წარმოადგენდეს, მაგრამ ამ ოჯახისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ გურანდა თორუას და მის ბავშვებს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:
– გვითხარით, ეხმარება თუ არა თქვენს ოჯახს მერია ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია?
გურანდა თორუა: 540 ლარი 8 ადამიანზე – ეს არის ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური შემწეობის სახით. ჩერნოვეცკის ფონდი არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც მოგვაქცია ყურადღება.
– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანეს?
გურანდა თორუა: ჩემო კეთილო ადამიანებო, ვლოცულობ თქვენზე, ძალიან დიდი მადლობა! ერთად ამდენი პროდუქტი არასდროს მინახავს ჩემს სახლში! თქვენ ძალიან გაახარეთ ჩემი შვილები. ღმერთმა ბარაქა არ მოგაკლოთ!
– ბავშვებო, თოვლის ბაბუა თქვენთან სტუმრად ოდესმე ყოფილა?
ბარბარე, 11 წლის: განა თქვენ არ ხართ თოვლის ბაბუა?! რამდენი საჩუქარი მოგვიტანეთ…და სად არის თქვენი თეთრი წვერები?
გიორგი, 9 წლის: სახლში არ მოსულა თოვლის ბაბუა, მაგრამ ქუჩაში მყავს ნანახი…
ანანო, 8 წლის: სკოლაში გოგოები ყვებიან, რომ მათთან დადის თოვლის ბაბუა და საჩუქრებს ჩუქნის, ჩვენთან კი არ დადის…
გურამი, 12 წლის: ნაძვის ხე ჩვენ არასდროს გვქონია…დედა ამბობს, ძვირიაო…
ანანო: აი, რომ არ ვდგამთ ნაძვის ხეს, ამიტომ არ დადის ჩვენთან თოვლის ბაბუა…
– ბავშვებო, რა გსურთ რომ თოვლის ბაბუამ გაჩუქოთ?
გურამი: ჩემი ქურთუკი დაიხა და ვერ ვიცმევ… ისე, „პეჩენია“ მიყვარს ძალიან…
გიორგი: მე მინდა, რომ თოვლის ბაბუამ მაჩუქოს „ბოტასები“…
ანანო: მე კაბა მინდა. აი, ფერიებს რომ აქვთ ისეთი…
ანამარია: მე კი მინდა თოჯინა ბარბი…
“მეგობრებო, ამ პატარებს სჯერათ, რომ თოვლის ბაბუა მათ საჩუქრებს აჩუქებს და გაახარებს! ერთი შეხედვით, არც თუ ისე „ძვირადღირებული“ სურვილები აქვთ მათ. მოდით, გახდით მათთვის თოვლის ბაბუა, გაულამაზეთ დღესასწაული, არ დატოვოთ ყურადღების გარეშე! გფარავდეთ უფალი მუდამ!
თქვენ ასევე შეგიძლიათ ამ ბავშვებისთვის გაიღოთ ფულადი შემოწირულობა. “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორუების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects”,- აცხადებენ ფონდში.
R