ირაკლი ხმალაძე: სამწუხაროა, რომ მაინც ხდება ავტობუსის ზოლის დაკავება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიერ
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით, კიდევ არსებობს გარკვეული პრობლემები. მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ ავტობუსის ზოლს სხვა სატრანსპორტო საშუალებები იშვიათად, თუმცა მაინც იყენებენ. „მერის განცხადება დღეს ყველამ მოვისმინეთ. სამწუხაროა, რომ იშვიათად, თუმცა მაინც ხდება ავტობუსის ზოლის დაკავება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიერ. მეც მინდა განვმარტო, რომ ეს ზოლი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი და ემსახურება კონცეფციას, სადაც უპირატესობა ენიჭება მუნიციპალურ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ქალაქში უნდა შევამციროთ ჰაერის დაბინძურება, გავზარდოთ მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა და ზოგადად მოხმარება. აქედან გამომდინარე, დღეს დავალებაც მივიღე მერისგან, 2019 წელს გათვალისწინებული იქნება ხარჯები სათვალთვალო ვიდეოკამერებისთვის, სადაც მოხდება ყველა დამრღვევი მანქანის იდენტიფიცირება და შესაბამისი ჯარიმების გამოწერა. ანალოგიურად შემიძლია ვთქვა ველობილიკებზე და ტაქსების სპეციალურ სადგომებზე, რომელიც ჩვენ ტაქსების რეფორმის ფარგლებში განვახორციელეთ. პირადად მინახავს, როგორ აყენებენ ასეთ ადგილებში სხვა ავტომობილებს. სატრანსპორტო კომპანია და თბილისის საპატრულო პოლიცია ამაზე უფრო მკაცრ რეაგირებას განახორციელებენ, გამოიწერება ჯარიმები და მოხდება ევაკუაცია, ვინაიდან ეს ადგილები ექსკლუზიურად ტაქსისტებისთვისაა განკუთვნილი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.