კახა კალაძე: ვაკის რაიონში მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათებები და გამწვანებები
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, მომავალ წელს, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მაჭავარიანისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაც. „ვაკის რაიონში ვაპირებთ ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განათებებით, გამწვანებებით და იქნება მოწესრიგებული. ვიცით, რა მდგომარეობაა იქ – კატასტროფულად მძიმე სიტუაციაა. შესაბამისად, ამის მოწესრიგება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ასევე, მნიშვნელოვანია მაჭავარიანისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც 2019 წელს დაიწყება. გვინდა, ლისიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა გავაკეთოთ, რომელიც ვეფხი და მოყმესთან ჩამოვა და გელოვანის გამზირს დაუკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.