„ნაციონალური მოძრაობისა“ და ბანკების ერთობლივი მაქინაციური სქემა

ექსპერტი გიორგი თავდგირიძე საბანკო სისტემასთან ურთიერთობისას მიღებული გამოცდილების საფუძველზე საქართველოში საბანკო მომსახურების პრობლემებზე საუბრობს. სამხედრო ექსპერტი აღსრულების ბიურომ საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა და კუთვნილი სახლი ბანკმა აუქციონზე გაუყიდა. ექსპერტი საბანკო სისტემას დრაკონული კანონებით მოქმედ მონსტრად მოიხსენიებს. როგორც გიორგი თავდგირიძე „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას ერთიანი საბანკო მაქინაციური სისტემა ჩამოაყალიბა, მას “დრაკონული” კანონები მოარგო და მოქალაქეებს მონსტრული ქმედებით აყაჩაღებდა. მისი თქმით, საქართველოში ბიზნესს ძალიან ცვალებადი გარმო აქვს, რის გამოც ის ხშირად ფერხდება. მეწარმე იძულებული ხდება, საფრთხის აღმოფხვრის მიზნით დასახმარებლად ბანკს მიმართოს, თუმცა საბანკო ორგანიზაციები მოწოდებულნი არიან არა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, არამედ მათ აქვთ მაქინაციური სქემა. ისინი მოსახლეობის დიდი ნაწილისგან იღებენ ქონებას, რისი ხელმეორედ გაყიდვითაც ორმაგ მოგებას ნახულობენ.
თავდგირიძის თქმით, ქართული საბანკო სისტემა იცნობს ბიზნეს სესხის მხოლოდ იპოთეკური სესხის ფორმას, რომელსაც ძალიან მაღალი პროცენტი აქვს და ის გარკვეულ საბანკო დაზღვევებს არ ითვალისწინებს.
„ჩემნაირი დაზარალებული ხდება როგორც წვრილი, ისე მსხვილი ბიზნესი. უამრავი დაზარალებულია, უამრავი შემთხვევაა და ყველას თავისი ინდივიდუალური ისტორია აქვს. მაქინაციის სქემა ასეთია – ბანკი გთავაზობთ ფულად რესურსს, რომელიც გჭირდებათ. ეს რესურსი არის ძალიან ძვირი, ბიზნესი კი არ ვითარდება. აღნიშნული რესურსის უკან დგანან არა ხელშემწყობი, არამდე დგანან ყაჩაღები, რომლებიც შენი წარუმატებლობით სარგებლობენ და ორმაგ მოგებას ნახულობენ. სესხი, რომელიც ბანკმა გარკვეულ ვადაში უნდა დაიბრუნოს, იბრუნებს უფრო ადრე და დებს უფრო მომგებიან საქმეში. ასეთი ყაჩაღური სქემით ბანკი ერთი და იგივე ფულად რესურსს საქმეში რამდენჯერმე უშვებს, რითაც ზემოგებას ნახულობს.10361222_870663476295003_342015955_n
მაქინაცია, როგორც ერთიანი სისტემა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩამოყალიბდა. ამ პრობლემის სათავე მოდის იქიდან, რომ კრედიტ-ოფიცრები პირველ ეტაპზე არასწორად აფასებენ ბიზნესის შესაძლებლობის. ბიზნესს აქვს ძალიან ცვალებადი გარემო. ხშირად იმდენად მყიფეა ქართველი ბიზნესმენების მდგომარეობა, რომ ის ვერ უძლებს პატარა კრიზისსაც კი, რაც ერთ ან ორთვიან შეფერხებას იწვევს.ამის შემდეგ იწყება მაქინაცია, მონსტრული მოქმედება, რასაც საბანკო სისტემა ჰქვია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო უამრავი სხვადასვხა ტიპის საფინანსო ორგანიზაცია, გარდა ამისა, იყვნენ მცირე საფინანსო ორგანიზაციები, კერძო იპოთეკარები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაინახა, რომ ეს ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია და ეს ყაჩაღობა ძალიან დიდ მოგებას ტოვებს. მათ გააერთიანეს საბანკო სისტემები, მოარგეს მას კანონმდებლობა და ეს მანქანა ამუშავდა.
ერთი მხრივ, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის უმუშევარი, სამსახური კი ძნელი საშოვნელია. მოქალაქე ცდილობს, თვითონ დაიწყოს გარკვეული საქმე. ამისთვის მას ფინანსები სჭირდება. ამ დროს ის აუცილებლად აღმოჩნდება ბანკის წინაშე, საბანკო სისტემა კი მათ დრაკონული კანონებით ხვდება. სხვა ფინანსური წყარო დღეს საქართველოში არ არსებობს, გარდა ამ გზებისა. ფინანსები მობილიზებულია ბანკების ხელში. ქართული საბანკო სისტემა ბიზნეს სესხის მხოლოდ იპოთეკურ ფორმას იცნობს. შესაბამისად, ნებისმიერი სესხი არის ძალიან მაღალპროცენტიანია. კარგი იქნებოდა, ამ პროცენტში გარკვეული სადაზღვევო მექანიზმებიც იყოს ჩადებული. იპოთეკური სესხი არანაირ სადაზღვევო მექანიზმებს არ ცნობს და გარანტია არის ქონება. ეს არც ბიზნესია, არც საქმე, არამედ ასეთი ხელშეკრულებების დიდი უმრავლესობა უძრავი ქონების გარანტიით იდება. ამის შემდეგ ნებისმიერი შეფერხებისას ყოველგვარი გადავადებების გარეშე, სხვადასხვა მაქინაციით, ჯარიმით თანხა კვლავ იზრდება. ნებისმიერი რესტრუქტურიზაცია გაბრუნებთ საწყის პოზიციაში, იგივე თანხით ოღონდ უფრო მკაცრ პირობებში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით. ევროპაში ასე არ ხდება. საქართველოში ეს არის დამკვიდრებული. ბიზნესმენმა, იმის მაგივრად, რომ წარმართოს თავისი ბიზნესი, მას უწევს ბრძოლა თავის ვალებთან. მზარდი ვალი და მზარდი პროცენტი უკვე მას განვითარების საშუალებას აღარ აძლევს, რაც რამდენიმე თვეში ფინანსური კრახით მთავრდება და ამის შემდეგ ერთვება სახელმწიფო“, – განმარტავს გიორგი თავდგირიძე.
ექსპერტი აღსრულების სქემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგრეთვე დრაკონული კანონმდებლობით აღსრულების საბანკო სისტემაში ძალიან მძლავრი მექანიზმი ჩადო. მისი თქმით, დადებული ხელშეკრულებით მოქალაქეს არანაირი უფლება არ აქვს და ბევრი ვალდებულება აკისრია, რითაც მოგებული ბანკი რჩება.
აუქციონზე ბინის გაყიდვისას კი სხვადასხვა ბანკები ინფორმაციას ერთმანეთთან ცვლიან, ქონებას ისევ მათი წარმომადგენლები დაბალ ფასად ყიდულობენ, რის შემდეგაც უზარმაზარ უძრავ ქონებას ფლობენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგრეთვე დრაკონული კანონმდებლობით აღსრულების ძალიან მძლავრი მექანიზმი ჩადო. ბანკი ნებისმერ შემთხვევაში თქვენს საქმეს სასამართლოს და აღმასრულბელს გადასცემს. დადებული ხელშეკრულებით, სადაც თქვენ, როგორც წესი, ბევრი ვალდებულება გაქვთ და არანაირი უფლება არ გაქვთ, მოგებული რჩება ბანკი. ამის შემდეგ ძალიან გამარტივებული წესით, უმოკლეს ვადაში, გაფრთხილებიდან 20 დღეში უკვე ინიშნება აუქციონი, თანაც აღსრულება არ არის ვალდებული, თქვენ შეგატყობინოთ თარიღი ან რაიმე ტიპის შეღავათი გაგიკეთონ. უბრალოდ თქვენ გაქვთ უფლება, თქვენ თვითონ მიიღოთ მონაწილეობა აუქციონში. ესეც დამცინავი რეგულაციაა, რადგან თქვენ რომ გქონდეთ თანხა, მაშინ ბანკთან მოაგვარებდით. ამასთანავე, აღსრულებას პროცენტული წილის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს, საიდანაც აუქციონის შედეგად წილს იღებს.
იმართება ორი აუქციონი. პირველ აუქციონზე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 15% გადის აუქციონზე, მეორე შემთხვევაში აუქციონზე ღირებულების 50%-ად გადის. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი საბაზრო პრინციპები უგულებელყოფილია. შეიძლებოდა თავიდანვე 100%-იანი ღირებულებით გატანა, იქნებ ვინმეს საბაზრო ფასში ეყიდა. აუქციონის მოქმედი მეთოდი კი მაქინაციის დიდ საშუალებას იძლევა. აღსრულება მოდის და ყოველგვარი მიზეზის უგულებელყოფით გასახლებს. ბანკს თვითონ გააჩნია ქონების ღირებულებას საქმე, იცის, რა ბიზნესზეა საუბარი და უშუალოდ თვითონ ცდილობს ამ საქმიდან ქონების აღებას. მისი კრედიტოფიცრები და სხვადასხვა ბანკის კრედიტოფიცრები შეთახმებულები არიან ერთმანეთთან, ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას და აუქციონის დღეს ნახულობენ ჩამნაცვლებელ პირს, რომელსაც ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გარკვეულ საკრედიტო რესურსს სთავაზობენ. ამ რესურსით საბაზრი ღირებულების 75%-ად ყიდულობენ ამა თუ იმ ნივთს. ეს არის აუღებელი თამაში. 100 000 დოლარის ღირებულების ნივთზე გარანტირებული 25 000 დოლარი გრჩება. აუღებელი თამაშია, რადგან საბანკო სისტემისთვის და კომერციული ოფიცრებისთვის, ბანკის თანამშრომლებისთვის ხელი მიუწვდებათ ინფორმაციაზე.
ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე იყო. სხვა ბანკის თანამშრომელმა იყიდა ჩემი ბინა. ამ დროს კერძო პირზე რჩება ძალიან შეზღუდული საშუალება, რომ რაიმე ფორმით იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის. უზარმაზარი უძრავი ქონება აღმოჩნდება ბანკების ან ბანკის თანამშრომლების ხელში.10379159_870666286294722_1110133426_n
ფაქტობრივად, ბანკები არა მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციები არიან საქართველოში, არამედ გვევლინებიან, როგორც დიდი ფეოდალური წარმონაქმები, რომლებიც ფლობენ ან მალე ექნებათ უძრავი ქონების უზარმაზარი ფართები.
„ნაციონალური მოძრაობა“ წილში იჯდა. ერთიანი ყაჩაღური სისტემა საბანკო სისტემის აბრევიატურის ქვეშ ინიღბება. მცირე ჯგუფის ელიტის საქართველოში უფლებების ზღუდავს“, – ამბობს თავდგირიძე.
მისი თქმით, გამოსავალი ახალი საკანონმდებლო პაკეტია, რომელიც გარკვეულ პირებს, ბანკებს არ მისცემს შესაძლებლობას, დააყაჩაღონ მოქალაქეები.
შეგახსენებთ: გიორგი თავდგირიძე „კვირასთან“ საუბრისას ჰყვებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პრობლემების გამო ბინა ბანკში ჩადო და 55 ათასი დოლარის კრედიტი აიღო. 27 ათასი დოლარი გადახდილი ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში თანხას ვეღარ იხდიდა. საბოლოოდ კი მის საცხოვრებელი სახლი აუქციონზე 50 ათას დოლარად გაიყიდა. მისი თქმით, უსამართლო საბანკო სისტემის გამო იგი ვერაფერს გახდა. ამჟამად, მან უბრალოდ ბინის პრობლემა მოვაგვარა და გამოსახლების შემდეგ საცხოვრებალდ სხვა ბინაში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები