კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის შემუშავებას იწყებს
საქართველოს კულტურის სამინისტროში კულტურის პოლიტიკა, რომელიც გურამ ოდიშარიამ საზოგადოებას დღეს გააცნო, 2013 წლის იანვარში გამოქვეყნებულ კულტურის პრიორიტეტებს შეეხო. მინიტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა კულტურის კონცეფციაზე, რომელიც, მისივე თქმით, დახვეწას საჭიროებს. ამ კონცეფციის დეტალებზე უკვე კონკრეტული სფეროების სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ.
დაახლოებით ორ თვეში მუშაობა დაიწყება კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე. მინისტრმა დასძინა, რომ კულტურის კონცეფციიისა და სტრატეგიის შექმნის შემდეგ, კულტურის პოლიტიკის შემუშავება დაიწყება. მისივე თქმით, კულტურის პოლტიკა საქართველოს კომუნისტური პერიოდის შემდეგ აღარ ჰქონია. ახალი პოლიტიკა, სავარაუდოდ, 2015 წლის იანვრისთვის იქნება მზად. შეხვედრაზე კულტურის პოლიტიკის მნიშვნელობაზე კულტურის მინისტრის აპარატის უფროსმა, ლევან ხარატიშვილმა ისაუბრა. მისივე განცხადებით, კულტურის მინისტრის ინიციატივით, საქართველოში 2015 წელი კულტურის წლად გამოცხადდა, თბილისი კი კულტურულ ქალაქად.
ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ კულტურის პოლიტიკის მიზანია, ქართული კულტურა მსოფლიო კულტურის ნაწილად და საგანძურად იქცეს. მისივე განცხადებით, პოლიტიკის შემუშავების პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ამ მიზნით, იუნესკოსა და ევროკავშირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თავის მხრივ, შეხვედრაზე კულტურის პოლიტიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ უფრო უკეთესი იქნებოდა ამ თვალსაზრისით კონკრეტიკა მოესმინა, თუმცა დადებითად მიიჩნევს, რომ კულტურის პოლიტიკის მნიშვნელობის დეკლარაცია ხდება. მისივე განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის მთავარი რესურსია და თუ ამის დანახვას ვერ შევძლებთ, ამ თვალსაზრისით წინსვლა შეუძლებელია.