სოფო კილაძემ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ თემაზე „ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის მარეგულირებელ კანონმდებლობაში” პრეზენტაცია გამართა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” შედგა.
როგორც ღონისძიების გახსნისას სოფო კილაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად ამ პროცესში სხვა დაინტერესებული მხარეებიც იყვნენ ჩართულნი.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ყველა ის რეფორმა რომელიც ადამიანის კეთილდღეობაზეა მიმართული. პრობლემის აღმოსაფხვრელად, 2014 წლიდან საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გადავდგით ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს პრობლემა როგორმე აღმოვფხვრათ ან შევამციროთ მაინც”, – განაცხადა სოფო კილაძემ და აღნიშნა, რომ თუ ადრე სახელმწიფო ორიენტირებული იყო სასჯელის გამკაცრებაზე, დღევანდელი ცვლილებები მიმართულია პრევენციაზე, რათა თავიდანვე იყოს აცილებული ძალადობა. სოფო კილაძემ მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა სამართლებრივი მრჩეველ მაიკლ გრანტს, ამერიკის საელჩოს ექსპერტული და მორალური მხარდაჭერისათვის.
„ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ მათი მხრიდან ყურადღებას, ბევრი რეფორმა გატარდა მათი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით. ყველამ დიდი როლი შეასრულა ამ ცვლილებების მომზადებაში.
ამგვარად, დღეს წარმოდგენილი ცვლილებები, არა მარტო პარლამენტის დამსახურებაა, ამ პროცესში უამრავი ადამიანი იყო ჩართული და ვფიქრობ, რომ ძალიან დახვეწილი ცვლილებები მივიღეთ, რომელიც პრევენციაზეა ორიენტირებული”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
პრეზენტაციის მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა და განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებებმა საკმაოდ კარგი შედეგი დადეს საკანონმდებლო ცვლილებების სახით. „ესაა კარგად გააზრებული კანონპროექტები, რომლებიც მძლავრი იარაღი იქნება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით”, – განაცხადა მაიკლ გრანტმა. მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ 2017 წელს საქართველო გახდა სტამბოლის კონვენციის ხელმომწერი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, გზავნილია იმისა, რომ საქართველო მზადაა ოჯახში ძალადობის პრევენციის და მის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე კარგია, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების გამოფხიზლება მოხდა. როგორც მაიკლ გრანტმა განაცხადა, აშშ კვლავაც განაგრძობს ოჯახური დანაშაულის აღმოფხვრის მიმართულებით მხარდაჭერას.
შემდეგ სოფო კილაძემ დამსწრე საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი გააცნო და მოკლედ მიმოიხილა შემუშავებული ცვლილებები, რომლებიც ძირითადად პრევენციის მექანიზმის გაძლიერებას, პასუხისმგებლობის გამკაცრებას, ძალადობის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა საკითხებს ითვალისწინებს. წარმოდგენილი ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მომავალი თაობის განათლება დასახელდა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის პრევენციაში.
წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით შსს-ს პოზიცია შეკრებილთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააცნო და აღნიშნა, რომ ცვლილებები, მისაღებია. „ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება ამ ცვლილებებს პრევენციის ნაწილში, მაქსიმალურად შევეცდებით, კანონი პრაქტიკაში ეფექტიანად შევასრულოთ, თუ იგი მიღებული იქნება”, – განაცხად მინისტრის მოადგილემ.
ცვლილებებთან დაკავშირებული შეხედულებები წარმოადგინა გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია მერებაშვილმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სიახლეა განათლების კომპონენტის შემოტანა, პრევენციის კომპონენტის გაძლიერება, დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომა და ა.შ.
დასასრულს, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებთა საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას კომიტეტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მოახდენს, ხოლო მისი მიღება მომავალ საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. სოფო კილაძის განცხადებით, კანონპროექტების დეტალური განხილვის დროს კომიტეტი ყველა სტრუქტურასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები