სომხეთის დელეგაცია თბილისის მუზეუმებს ესტუმრა
როგორც ცნობილია, 20-21 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი ეწვია. სომხეთის დელეგაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უმასპინძლა. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაცია ეროვნულ მუზეუმს ეწვია, სადაც დაათვალიერა ექსპოზიცია „თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი” (RE: Museum). გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს, სომხეთის, გერმანიისა და აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრები. ამავე დღეს, სტუმრებმა მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს სერგო ფარაჯანოვის ძეგლი. მოგვიანებით კი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ. სტუმრებმა სასახლის საგამოფენო დარბაზები დაათვალიერეს და გაეცნენ ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მდიდარ ტრადიციებს.
სომხეთის კულტურის მინისტრმა ჰასმიკ პოღოსიანმა მუზეუმის ფონდებში დაცული სომეხ მხატვართა უნიკალური ნამუშევრები დაათვალიერა, მათ შორის ივანე და სერგო ფარაჯანოვების, გაიანე ხაჩატურიანის, ამაიაკ აკოფიანის, კონსტანტინე გრიგორიანცისა და ელედექიანის ნამუშევრები. სომხეთის დელეგაცია მუზეუმში დაცულ ძვირფას სომხურ ხელნაწერებს, მე-19 საუკუნის აფიშებს და სომხური თეატრალური დასების ფოტოებსაც გაეცნო. საგანგებოდ სტუმრებისთვის საღამო მუსიკალურად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სასულე კვინტეტმა გააფორმა.