დუბლინის „გემების ფესტივალში“ საქართველო მიიღებს მონაწილეობას
31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში ეწყობა გემების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „სუხიშვილები“, „შავფაროსნები“, ანსამბლი „რუსთავი“, ხელოვნების სასახლე, ასევე – ქართული ხალხური რეწვისა და ეროვნული კულინარიის მწარმოებელი რამდენიმე ფირმის წარმომადგენლები. „გემების ფესტივალზე“ საქართველო ევროპას ტრადიციულ ადათ-წესებს, ხელოვნებას, თანამედროვე კინემატოგრაფიაში მიღწეულ წარმატებებს გააცნობს. გამოიფინება ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშები; მოეწყობა კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცული ნივთების ექსპოზიცია; ნაჩვენები იქნება რეჟისორ თინათინ გურჩიანის ფილმი – „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“; ფესტივალის ეგიდით ქართული ღვინის დეგუსტაცია და ყველის ტრადიციული წარმოების დემონსტრირება მოეწყობა. დუბლინის ცენტრში ქართულ მხარეს დაუთმობენ მეცხრამეტე საუკუნის ფრეგატს, სადაც შავფაროსნები გამართავენ წარმოდგენას. ამავე ფრეგატზე წარმოადგენენ პერფორმანსს არგონავტებზეც.
დუბლინის „გემების ფესტივალი“ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხალხმრავალი ღონისძიებაა. საერთაშორიო ფესტივალი დაახლოებით სამასი წლის ისტორიას ითვლის და იგი ქვეყნის სოციალურ – ეკონომიკური სტრატეგიის ძირითადი ნაწილია. მასში ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს.