„დაგეგმილი იყო, ვაშაძისთვის ან “ნაცმოძრაობის” სხვა რომელიმე ლიდერისთვის ესროლათ“

„დაგეგმილი იყო, ვაშაძისთვის ან ნაციონალური მოძრაობის სხვა რომელიმე ლიდერისთვის ესროლათ“, – აცხადებს ანალიტიკოსი თეიმურაზ კვირკველია თბილისში, „დონბასელი“ მებრძოლების დაკავების საკითხზე კომენტირებისას.
თეიმურაზ კვირკველია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში “რადას” დეპუტატ სემიონ სემენჩენკოსა და „დონბასელი“ მებრძოლების შესახებ საუბრობს.
ამასთან, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ უკრაინის მოქალაქეები თბილისში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით ჩამოვიდნენ და მათი მიზანი პროვოკაციების მოწყობა იყო.
მისივე თქმით, უკრაინელი მოქალაქეების დაკავების სპეცოპერაციით გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ან ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ლიდერი გადარჩნენ.
თეიმურაზ კვირკველიას ინფორმაციით, „დონბასელი“ მებრძოლების თბილისში ჩამოყვანა და მათი სპეციალურად ოპოზიციის მიტინგზე ყოფნა, მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ითვალისწინებდა.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ უკრაინელი მებრძოლების თბილისში ჩამოსვლის მიზანი სააკაშვილის დავალებით, პროვოკაციების მოწყობა იყო. იმაშიც დარწმუნებული ვარ, პროვოკაციის სამიზნე არა ბიძინა ივანიშვილი ან „ქართული ოცნების“ სხვა რომელიმე ლიდერი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე იყო. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვაშაძე ბეწვზეა გადარჩენილი. დიდი ალბათობით, დაგეგმილი იყო, ვაშაძისთვის ან ნაციონალური მოძრაობის სხვა რომელიმე ლიდერისთვის ესროლათ, რათა ხალხის აღშფოთება გამოეწვიათ და ლოზუნგით -„ოცნება გვხოცავს“! ეგზალტირებული მასა ქუჩაში გამოეყვანათ“, – აცხადებს თეიმურაზ კვირკველია და ამ ყველაფერში მიხეილ სააკაშვილს ინტერესებზე საუბრობს.
„სააკაშვილისთვის საკუთარი თანაგუნდელების სიცოცხლეს ზუსტად იმხელა ფასი აქვს, რამხელა პოლიტიკურ სარგებელსაც მათი სიკვდილი მოუტანს! თუ სააკაშვილი ჩათვლის, რომ ნაცმოძრაობის რომელიმე ლიდერის მკვლელობით დივიდენდებს მიიღებს, თვალის დაუხამხამებლად მოაწერს ხელს მარილზე მათ გაშვებას“, – აცხადებს თეიმურაზ კვირკველია.
ამასთან, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, მხოლოდ და მხოლოდ, ქვეყანაში პროვოკაციებისა და არეულობის ფონზე გეგმავს.
ანალიტიკოსი ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს „რუსულ პროექტს“ უწოდებს და წარსულს იხსენებს.
„არ დაგავიწყდეთ, რომ სააკაშვილმა, რომელიც ანტირუსულ ლოზუნგებს ისროდა, ხელისუფლებამდე მისასვლელი გზა იგორ გიორგაძის მიერ ნაჩუქარი „ბრონირებული უაზით“ გაიარა, ხოლო 2008 წელს, როცა ნატოს საქართველოსთვის მაპი უნდა მიენიჭებინა, ქვეყანა რუსეთთან ომში ჩაითრია“, – აღნიშნავს თეიმურაზ კვირკველია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 2 დეკემბერს სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები