„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ როგორც ჩვენი ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ როგორც იმ საერთო სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის მატარებლები, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ხალხთა ცხოვრება, ჩამოაყალიბა ცივილიზაციები და ღირსეულად გაუძლო მრავალ განსაცდელსა და ცვლილებას,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ სამყაროში, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ცვლილებები, გაურკვევლობები და დაყოფა, მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები ჩვენთვის მყარ ზნეობრივ ორიენტირად გვევლინება. ისინი გვახსენებენ ადამიანის ღირსების შეუვალობას, სოლიდარობის აუცილებლობას და რწმენის, თანაგრძნობისა და სამართლიანობის ძალას. საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის – ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან დღემდე, ქართული მართლმადიდებლური ტრადიცია გადამწყვეტ როლს ასრულებდა ქართული ენის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უმძიმესი ისტორიული განსაცდელების გავლა უხდებოდა. ის იყო ქვეყნის ერთიანობის, გამძლეობისა და ზნეობრივი სიმტკიცის წყარო.
„დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, ქართული მართლმადიდებლობა კვლავაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ის გვასწავლის, როგორ შევინარჩუნოთ სულიერი იდენტობა გლობალურ პროცესებში ჩართულობის პარალელურად, როგორ დავაბალანსოთ ტრადიცია და პროგრესი, როგორ ვაწარმოოთ დიალოგი ისე, რომ არ დავკარგოთ ფუნდამენტური ღირებულებები. ის მოგვიწოდებს მშვიდობისკენ კონფლიქტების დროს, ურთიერთპატივისცემისკენ უთანხმოების პირობებში და თანამშრომლობისკენ კონკურენტულ სამყაროში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით პარლამენტარებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ.
„ჩვენი საქმიანობა მხოლოდ კანონშემოქმედებით არ შემოიფარგლება, მას ღრმა ზნეობრივი განზომილებაც აქვს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აისახოს ის ფასეულობები, რომელთაც ვემსახურებით: ადამიანის ღირსების პატივისცემა, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვა, სამართლიანობის განმტკიცება და საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა ასამბლეის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ეს ასამბლეა დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმაა. იგი გვაძლევს შესაძლებლობას გავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ერთად ვუპასუხოთ საერთო გამოწვევებს და დავამკვიდროთ ისეთი მსოფლიო ხედვა, სადაც რწმენა და გონება, ტრადიცია და თანამედროვეობა, ერთმანეთს ავსებს და არა ეწინააღმდეგებიან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი დღევანდელი შეკრება განსაკუთრებულ დროს მოხდა. წელს საქართველო აღნიშნავს ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. მეოთხე საუკუნეში წმინდა ნინოს ქადაგებამ შემუსრა წარმართობის კერპები და ქრისტიანობა ქართველი ერის მტკიცე სულად აქცია. 17 საუკუნის წინ აღსრულებულმა სასწაულმა დააბნელა წარმართობის ცრუ ნათელი და მის ნაცვლად ჭეშმარიტი მზე ამოგვიბრწყინა.
ამავე დროს, დღეს შესრულდა ზუსტად ერთი თვე რაც განისვენა ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართა ეკლესია. ადამიანი, რომელიც ჩვენს ერს უკიდურესი განსაცდელის ჟამს მოუვლინა უფალმა, რათა აეღორძინებინა ჭეშმარიტი სარწმუნოება, სუდარა მოეხსნა ქრისტეს წმინდა ეკლესიისთვის და რწმენაში გაეერთიანებინა ერი. მან თავისი ისტორიული მისია აღასრულა და ვალმოხდილი წავიდა ზეციურ საქართველოში.
დღეს თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომელშიც ჩვენს თვალწინ აღსრულდა უდიდესი სასწაული – ერის ხელახალი დაბადება: ერთიანი, მთლიანი, მტკიცე და შეურყეველი ერის დაბადება. ეს იყო ერი, რომელიც აღდგა ათეიზმის სიბნელიდან და საბჭოეთის უძრაობიდან. ტკივილით, ეკლიანი გზით, დაცემითა და მსხვერპლით, მაგრამ აღდგა რწმენით და ქრისტესადმი სიყვარულით.
სწორედ ეს ვიხილეთ ჩვენ უწმინდესის გამოსათხოვარ დღეებში. ვიხილეთ ერის სულიერი ერთიანობა, მისი სიმტკიცე, მისი ერთგულება. ეს მემკვიდრეობა დღესაც ცოცხლობს ჩვენში და სწორედ ამ უმთავრეს ძალაზე დაყრდნობით ვაპირებთ ცხოვრებას მომავალშიც”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.