როგორ გაიპარა უმეთვალყურეოდ დატოვებული მინდია გოგოჭური საპირფარეშოდან? – პრეზიდენტის სიძის კრიმინალური დოსიე

6 დეკემბერს თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს.  მას ბრალად ედება ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვ და დანაშაულის დაფარვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგოჭურს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გოგოჭური და ბინაში მასთან ერთად მყოფი პირი შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, რა მიზნითაც მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადაყარეს. ჩხრეკისას, იარაღთან ერთად ამოღებულია დაჯავშნილი ჟილეტებიც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტის სიძეს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამაშუკელის ქუჩაზე სპეცოპერაციას წინ უძღოდა 26 ნოემბერს სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის ამსახველი კადრები გასულ კვირას ექსკლუზიურად www.primetime.ge-ზე გამოქვეყნდა. ფაქტი კაფე „სტრადასთან“ დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირ. კადრებში პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ფიგურირებს, რომელიც სროლის დაწყებამდე კაფე სტრადაში კიდევ ორ პირს ესაუბრება. „პრაიმტაიმის ინფორმაციით, მინდია გოგოჭურის თანმხლები პირები მისი მეგობრები არიან, მათ შორის ახალგაზრდა გოგო ს.ჯ., რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების დროს კარისკენ გარბის. სავარაუდოდ, მას ტყვია ბარძაყის არეში აქვს მოხვედრილი.

მეპატრონის თქმით, ბინა ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც მინდია გოგოჭური 6 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს დააკავეს, მან და ს.ჯ-მ აიქირავეს. სახლის მეპატრონეს მათ ცოლ-ქმრად წარუდგინეს თავი.

ერთი თვის წინ იქირავეს ბინა, ცოლ-ქმარი იყო. არაფერი საეჭვო ამ წყვილს არ ეტყობოდა, – ამბობს ბინის მეპატრონე.

გამოცემის მიერ გასულ კვირას გასაჯაროებულ კადრებში ჩანს, როგორ ისვრიან ერთმანეთის მისამართით „სტრადაში“ ახალგაზრდა მამაკაცები. ჩვენი ინფორმაციით, ტყვია თავად მინდია გოგოჭურსაც მოხვდა, რომელსაც დაჯავშნილი ჟილეტი ეცვა, რაც, სავარაუდოდ, იმაზე მეტყველებს, რომ თავდასხმა პრეზიდენტის სიძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ს.ჯ-მ, რომელმაც დეტალურად აღწერა 26 ნოემბერს განვითარებული მოვლენები. პრაიმტაიმმა სცადა მომხდარის შესახებ თავად ს.ჯ-თან გასაუბრება, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მინდია გოგოჭურის ადვოკატი შოთა მანელიძე კი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება ამაშუკელის ქუჩაზე ბინის დაქირავების ფაქტს, ადვოკატი ამბობს, რომ საცხოვრებელი ფართი თავად მინდია გოგოჭურმა პირადი საქმეებისთვის დაიქირავა.

კადრები, რომლებიც თქვენ გაავრცელეთ, ჩემთვის სიახლეა. თქვენს საიტზე ვნახე პირველად. ეს მასალა არ დევს მინდია გოგოჭურის სისხლის სამართლის საქმეში და შესაბამისად, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. როგორც პოლიცია ამბობს, ამოღებულია იარაღი, რომელიც ფანჯრიდან გადმოყარესო, მაგრამ ამას ამტკიცებენ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებაზე დაყრდნობით. რაც შეეხება ბინას, თავად მინდიაც არ უარყოფსრომ მან დაიქირავა. ეს წმინდა პირადული საკითხია. როგორც თავად ამბობს, სურდა, გარკვეული პერიოდი მარტო ყოფილიყო ამბობს ადვოკატი შოთა მანელიძე.

რა გახდა 26 დეკემბერს „სტრადაში“ დაპირისპირების მიზეზი? დიდი ალბათობით, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება და თუ რატომ, ამაზე ახლა უფრო დეტალურად გიამბობთ.

ეს არ გახლავთ პირველი შეიარაღებული დაპირისპირება, სადაც პრეზიდენტის სიძე ფიგურირებს… მინდია გოგოჭური და მისი უახლოესი სამეგობრო ამ დრომდეც არაერთი სისხლიანი გარჩევის ეპიცენტრში ყოფილან. ბოლოს, ხუთი თვის წინ ლერმონტოვის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძეს სწორედ შურისძიების მიზნით დაესხნენ თავს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ბარძაყის, მუხლისა და ქუსლის არეში მიაყენეს ჭრილობები. გოგოჭურს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და იმავე დღეს უკვე ცნობილი იყო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მომხდარზე გამოძიება ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დაიწყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თავად მინდია გოგოჭურმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, საქმის გახსნის პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ამბობენ, რომ 6 ივლისს მომხდარი თავდასხმის შემდეგ გოგოჭური განსაკუთრებით ფრთხილობდა და ხშირად დაჯავშნილი ჟილეტით გადაადგილდებოდა. სწორედ ამ ჟილეტმა გადაარჩინა ის 26 ნოემბერს „სტრადაში“ მომხდარი თავდასხმის დროს. 6 დეკემბერს კი, როგორც უკვე გითხარით, სამართალდამცველებმა, იარაღთან ერთად, მის მიერ დაქირავებული ბინიდან ეს ჯავშანჟილეტებიც ამოიღეს.

ვინ არის მინდია გოგოჭური? ის პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. პირველად კრიმინალურ სკანდალში 2006 წელს გაეხვია. მაშინ გოგოჭური ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. ცხრა ძმის ქუჩაზე 23 წლის გიორგი ხელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ხელაშვილს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარეს და, საბედნიეროდ, გადარჩა. იმავე დღეს საპატრულო პოლიციამ ეჭვმიტანილის სახით დააკავა მინდია გოგოჭური, რომელიც არსებული დაზიანებებით იმავე საავადმყოფოს რენტგენოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებოდა. მკურნალობის გასაგრძელებლად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ის #1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორ დღეში, რა დროსაც მინდია გოგოჭური საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მეთვალყურეობის გარეშე გაუშვეს საპირფარეშოში, ის საავადმყოფოდან გაიპარა.  ბრალდებულის გაქცევის ფაქტზე გამოძიება ცალკე, სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლით, დაიწყო, რაც ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიუხედავად, მაშინ გოგოჭურის ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით მინდია გოგოჭურს 30 დღის განმავლობაში ბრალი არ წარდგენია. საბოლოოდ ადეიშვილის უწყებამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნაც შეწყვიტა. საქმე დღესაც გაუხსნელია.

მიმალვაში მყოფი მინდია გოგოჭური კი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში უკვე 2008 წელს ხვდება. ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით ის ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში 4-ჯერ მიეცა და ყველა ჯერზე ჯარიმითა და პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

იმავე წელს კი კვლავ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. საქმე ეხება 2008 წლის 30 ნოემბერს თბილისში კოჯრის ქუჩაზე მომხდარ ამბავს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომობილში თავის, კისრისა და ფეხის არეში დაჭრეს 21 წლის გიორგი სიხარულიძე, ხოლო ბეჭის არეში დაჭრეს მისი მგზავრი, 22 წლის ბექა კვიტაიშვილი. მათთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ ელენე ჩხაიძე და თამაზ მეფისაშვილი. ეს უკანასკნელი რამდენიმე დღეში დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს, უშუალოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში კი მინდია გოგოჭური და კიდევ ორი მისი მეგობარი ამხილეს, თუმცა დაკავებულები მოულოდნელად გაათავისუფლეს. საქმე დღესაც გაუხსნელია.

სამართალდამცველებმა მხოლოდ 2010 წელს „აღმოაჩინეს“, რომ მათ მიერ მრავალგზის დაკავებული და განთავისუფლებული მინდია გოგოჭური ჯერ კიდევ 2006 წლიდან იძებნებოდა, თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევის გამო. ამ საქმეზე გოგოჭური 2010 წლის 16 ივლისს დაიკითხა მოწმის სტატუსით. მან დაადასტურა, რომ 2006 წლის 8 ივლისს, გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობაში უკანონოდ იყო ცნობილი ეჭვმიტანილად, მას შეეშინდა პასუხისმგებლობის და საავადმყოფოდან შეგნებულად გაიპარა, რის გამოც ინანიებდა ჩადენილ ქმედებას. ამის შემდეგ კი პროკურატურამ ბრალდებულ მინდია გოგოჭურს საპროცესო  შეთანხმება გაუფორმა, რის თანახმადაც გოგოჭური ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობითად ჩაეთვალა.

გოგოჭურის დაკავება-განთავისუფლებების ქრონიკა ამით არ დასრულებულა. უკვე ახალი ხელისუფლების დროს, ის 2013 წლის 30 ივნისს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მესაზღვრე-კონტროლიორისა და პატრულ-ინსპექტორების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არდამორჩილების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველების შეურაცხყოფა გოგოჭურს, სულ რაღაც, 400 ლარი დაუჯდა. სასამართლომ ის სწორედ ამ ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლა.

იმავე წლის აგვისტოში მინდია გოგოჭური გამოძიებამ ბაჩო სირაძის დაჭრის ფაქტზე დაკითხა. შემთხვევა 2013 წლის 15 აგვისტოს ღამით, ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა. პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი ბაჩო სირაძე ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქმეში მინდია გოგოჭური ურევია, თუმცა ის მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს და ამჯერადაც გაათავისუფლეს. საქმე დღესაც გაუხსნელია.

ამის შემდეგ მინდია გოგოჭურის მიმართ სხვადასხვა დროს სამი თავდასხმა განხორციელდა: ვაკეში, ლერმონტოვზე და ბოლოს „სტრადაში“. ერთ-ერთი ვერსიით, ყველა ეს თავდასხმა სწორედ 2013 წელს ბაჩო სირაძის დაჭრის ფაქტს უკავშირდება. როგორც ჩანს, მეორე მხარემ, შურისძიება არაერთხელ სცადა. სავარაუდოდ, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მინდია გოგოჭური ამ თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, ვინაიდან რეალურმა ჩვენებამ შესაძლოა, პასუხის გასცეს 2013 წელს ბაჩო სირაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე არსებულ კითხვებს და ამ საქმეში თავად მინდია გოგოჭურის ბრალეულობა გამოიკვეთოს.  

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი… 2014 წლის 4 იანვარს ყაზბეგის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს გაურკვეველ კომაში მყოფი მინდია გოგოჭური დახვდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ძიება მალევე შეწყდა. ექსპერტიზამ „ბიოს“ გადაჭარბებული მოხმარების ფაქტი დაადგინა.

ასევე, 2014 წლის 16 დეკემბერს მინდია გოგოჭურს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა დანა, რაზეც 12 იანვარს დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით, 200 ლარის ოდენობით.

პრესაში მინდია გოგოჭურის სახელი მის მეგობრებთან ერთად ფიგურირებს ტარყაშვილი-გოგბერაშვილის მკვლელობის საქმეშიც. 2011 წლის 17 ოქტომბერს 23 წლის ტარყაშვილი რუსთაველის გამზირზე ჩაცხრილეს, რასაც წინ უძღოდა სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობა. მომხდარი ორ დაჯგუფებას შორის არსებულ დაპირისპირებას დაუკავშირდა, რომლის ერთ მხარეს სწორედ მინდია გოგოჭურის სამეგობრო იდგა, თუმცა ამ საქმეში თავად პრეზიდენტის სიძის როლი გამოძიებას არ გამოუკვეთია. გოგბერაშვილის მკვლელობის ფაქტზე ბრალი გოგოჭურის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას წარუდგინეს და პირველი ინსტანციის სასამართლომ 24-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯა, თუმცა იმ მომენტში კაჭარავა უკვე მიმალვაში იმყოფებოდა. ის ქვეყანაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 2015 წელს უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა.

თორნიკე კაჭარავა ბოლოს მიმდინარე წლის ივლისში, ახვლედიანის ქუჩაზე დააპატიმრეს. შსს-ს ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულის სახით არის დაკავებული, მანამდე კი ის გასულ წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებითაც გახლდათ პასუხისგებაში მიცემული და 15000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებული. ახლა ორივე ეს საქმე გაერთიანდა და არსებითად განიხილება საქალაქო სასამართლოში. 

გოგოჭური-კაჭარავას უახლოესი მეგობარი გახლავთ მიხეილ თათრიშვილიც, რომელიც გასულ წელს, ასევე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პირველად ის 2010 წელს იარაღის უკანონო ტარებისთვის გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი პირობითით შეეცვალა. თათრიშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს 2016 წელს ვაკეში, გაბაშვილის ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ფაქტზეც, თუმცა მაშინ ის წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს. სხვათა შორის, სასამართლო პროცესს, სადაც მიხეილ თათრიშვილის აღკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილებოდა, ესწრებოდა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურიც, რომლის რეპლიკამაც დარბაზში მყოფთა ყურადღება მიიქცია.

„ნუ გეშინია, ახლავე გაგიშვებენ“, – გასძახა განსასჯელის სკამზე მჯდომ მეგობარს მინდია გოგოჭურმა. მიხეილ თათრიშვილი წინასწარი პატიმრობიდან მართლაც დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ მას გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა, როგორც ჩანს, თათრიშვილი პატიმრობას მაინც ვერ გადაურჩა და ამჟამად ის პასუხისგებაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით მისცეს.

ახლა სამივე მეგობარი  მინდია გოგოჭური, თორნიკე კაჭარავა და მიხეილ თათრიშვილი საპატიმროში იმყოფება.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები