“საზოგადოებას დავუსაბუთებ, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელსაც ხელისუფლება განგებ არ ხსნის“

„თუ რამდენიმე თვეში პროკურატურა ზურას საქმის გამოსაძიებლად რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, მაშინ საზოგადოებას ძალიან მარტივად დავუსაბუთებ, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელსაც ხელისუფლება განგებ არ ხსნის“, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გოგლა ჟვანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც გამოცემასთან გოგლა ჟვანია აცხადებს, ოჯახი უკვე დიდი ხანია თანახმაა, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდეს, თუმცა აღნიშნული გარკვეული მიზეზების გამო, ამ დრომდე, არ ხორციელდება.
მისივე თქმით, ცხედრის ექსჰუმაცია ჯერ კიდევ ყოფილი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის პოსტზე ყოფნის დროს დაიგეგმა, ამის საფუძველი კი ერთი გარემოება გახდა.
„არჩილ კბილაშვილმა თავის კაბინეტში სააკაშვილის მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მიერ დატოვებული ვიდეოფირი იპოვა. ეს ვიდეოფირი სეიფში აღმოჩნდა და მასზე აღბეჭდილია ზურასა და რაულ უსუპოვის გვამების გაკვეთის ცერემონიალი. ვიდეოფირზე აშკარად ჩანს დაზიანებები, რომლებიც ზურას თავში, ხოლო უსუპოვს მკერდში აღენიშნებათ. ამ ახალაღმოჩენილი გარემოებების ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ძალიან აქტიურად დაიწყო ზურას მკვლელობის გამოძიება, მაგრამ მერე ეს საქმე ნელ-ნელა დამუხრუჭდა და ბოლოს, საერთოდ შეწყდა. უფრო მეტიც, ზემოხსენებული ვიდეოკადრების ნაწილი ვიღაც „ჰაკიმ ფაშამ“ ინტერნეტსივრცეშიც განათავსა. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ეს ვიდეოფირი თანდართული არ არის. დაზიანებები აშკარად ფიქსირდება როგორც ზურას თავის კანზე, ისე თავის ქალის ტრეპანაციის შემდეგ, კანქვეშ და ძვალზეც. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ მსგავსი დაზიანებები ზურაბ ჟვანიას შესაძლოა, თავში მიყენებული ძლიერი დარტყმის შედეგად მიეღო. ამავე ვიდეოფირზე ნათლად ჩანს, რაულ უსუპოვის სხეულზე არსებული დაზიანებებიც – ნაჩხვლეტები მკერდზე. ამ ნაჩხვლეტებზე ის ადამიანები საუბრობდნენ, რომლებმაც უსუპოვის ცხედარი განბანეს. ძალიან კარგად მესმის, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ცხედრის ექსჰუმაცია არ არის მარტივი პროცესი, რადგან ყველაფერთან ერთად, საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთონ ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც პირუთვნელ დასკვნას დადებენ, ამას სჭირდება დრო და ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთავარი პროკურორების ხშირმა ცვლამ გამოძიების პროცესი ძალიან დააზარალა“, – აცხადებს გოგლა ჟვანია.
მისივე თქმით, იგი რამდენიმე დღის წინ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესაც შეხვდა, რომელიც საქმეზე გამოძიების განახლებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები