კონსტანტინე გამსახურდია ნიკა რურუაზე: იგი მაინც ზეპარტიული იყო, ამიტომაც დააკლდება ყველას

0

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კონსტანტინე გამსახურდია კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“თავისუფლება არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვა. თავისუფლება არის გამბედავი განჭვრეტით მოფიქრებული ჩვენი არსებობის საუკეთესო პირობები, სადაც ნიჭს მიეცემა ყველაზე დიდი გასაქანი.”
ნიკა რურუა, მაესტროზე.
ძალიან დასანანია, საქმიანი, მოაზროვნე ადამიანის ნაადრევად წასვლა ამ სოფლიდან, წიგნების ავტორის, როგორც თეორეტიკოსის, ისე პრაქტიკოსის, საკმაოდ მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონე კულტურის მინისტრის;
იმავდროულად, ოკუპაციის მუზეუმის იდეის ავტორის და განმახორციელებლის, სადაც ყველაფერი თემატურად დაჯგუფებულია 1921 წლის ოკუპაციიდან ზვიად გამსახურდიას არალეგალურ გამომცემლობამდე და 9 აპრილამდე.
მახსენდება 2011 წლის აპრილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავი. ნიკასთან, როგორც კულტურის მინისტრთან მივედი იდეით, რომ ჩემს უმცროს ვაჟს, ზვიადს შეესრულებინა სიბელიუსის სავიოლინო კონცერტი ევგენი მიქელაძის ორკესტრთან ერთად. მიმაჩნდა, რომ ამ მუსიკის ჰეროიკული სული მოუხდებოდა ჩვენი დამოუკიდებლობის იუბილეს. ულამაზესი კონცერტი იქნებაო, თქვა. ნიკას მხარდაჭერით ეს ყველაფერი ბრწყინვალედ შედგა რუსთაველის თეატრში: ორკესტრს ვატო მაჭავარიანმა უდირიჟორა.
იგი მაინც ზეპარტიული იყო, ამიტომაც დააკლდება ყველას. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს.
მშვიდობით განუსვენოს უფალმა. RIP”, – წერს გამსახურდია.
კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გუშინ საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიკოლოზ რურუა 2008 წლის 10 ოქტომბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, ის საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

კომენტარები

კომენტარი