ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ტრამპი სავარაუდო მოლაპარაკებების შესახებ განცხადებებით დროის მოგებას ცდილობს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გადადებისა და თეირანთან სავარაუდოდ მოლაპარაკებების შესახებ განცხადებებით, მხოლოდ ამერიკელი სამხედროებისთვის დროის მოგებას და ენერგორესურსების ფასების დაწევას ცდილობს,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ენერგომატარებლების ფასების შემცირებისა და სამხედრო გეგმების განსახორციელებლად დროის მოგების მცდელობის ნაწილია“, – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი განცხადების ამონარიდს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და თეირანმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით კონსტრუქციული მოლაპარაკებები გამართეს.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ აშშ-მა და ირანმა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გამართეს, რათა ახლო აღმოსავლეთში ჩვენს შორის საომარი მოქმედებების სრული და საბოლოო შეწყვეტა მიღწეულიყო“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.