ირმა ინაშვილს „ნაცმოძრაობის“ მიერ არჩევნებში მიღებული 780 ათასი ხმის ნამდვილობაში ეჭვი ეპარება – დეპუტატი შსს-სა და პროკურატურას მიმართავს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რათა უწყებებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული 780 ათასი ხმის ნამდვილობა დაადგინონ.
დეპუტატის თქმით, ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობასა და ყალთაბანდობას, რომელშიც როგორც სააკაშვილ-ბოკერიები, ასევე „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები მონაწილეობენ.
„25 ნოემბრის აქციის საპირწონედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა, სადაც სამი ათასი მხარდამჭერი შეკრიბეს. ჩვენს აქციაში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, სადაც 85 ათასი ადამიანი თბილისიდან იყო მოსული. აქციაზე 14 ათასი ადამიანი რეგიონებიდან ჩამოვიდა, 80 ათასი დანომრილი მოსაწვევი გავეცით, მაგრამ ათასობით ადამიანი მოსაწვევის გარეშე დარჩა, მთლიანი ტერიტორია გადატვირთული იყო და ათასობით ადამიანი ბარათაშვილის ხიდთან იდგა. 124 მხარდამჭერი აფხაზეთიდან ჩამოვიდა, 85 – ახალგორიდან”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც არ უნდა მონაცემები გაბეროს, მათ მიერ ორგანიზებულ აქციაში სამი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
„თუ პარტიას რეალურად 780 ათასი ამომრჩეველი ჰყავს, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სამი ათას ადამიანზე ნაკლები რატომ მოდის? შეუძლებელია, 780 ათასი ამომრჩეველი გყავდეს და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე მინიმუმ 30 ათასი ადამიანი არ იდგეს. დიდი ფილოსოფია და ანალიზი ამას არ სჭირდება. რეალურად, „ნაციონალებს“ ერთი და იგივე აქტივი ჰყავს, სამი ათასი ადამიანის ფარგლებში, რომელსაც ვხედავთ ფილარმონიის დარბაზში, შემდეგ პარლამენტის წინ. როგორც დეპუტატი ვითხოვ, მთავარმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება დაიწყოს 780 ათასი ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით. ადგილი აქვს აფერისტობას, რომელშიც მონაწილეობს როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ასევე „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები. როგორ ხდება, რომ არჩევნების პირველ ტურზე მილიონ 600 ათასი ამომრჩეველი მოდის, მეორე ტურზე ორი მილიონი ამომრჩეველი და ამ დროს, სააკაშვილ-ბოკერიას 780 ათას ხმას უწერენ, ხოლო მეორე ტურზე ორი მილიონი მოდის და მათ ისევ 780 ათასი ხმა რჩებათ? ეს ხომ სასაცილო და სამარცხვინოა?”, – ამბობს ინაშვილი.
დეპუტატის განცხადებით, მსოფლიოში ყველა პოლიტიკოსის რეიტინგი იცვლება, თუმცა რატომღაც, საქართველოში, მხოლოდ „ნაციონალების“ რეიტინგი არ იცვლება.
„2012 წელს, “ნაციონალურ მოძრაობას” დაუმსახურებლად 40 პროცენტი დაუწერეს, რომელსაც 40 პროცენტი არ ჰქონდა და 20-22 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა. ამ რეიტინგის მოცულობის პარტია აქციაზე სამი ათასზე მეტ ამომრჩეველს ვერ კრებს? ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ყალთაბანდობას, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სააკაშვილ-ბოკერიები, ასევე „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები. დრო მოვა და ამ პირებზე ვისაუბრებთ”, – აღნიშნა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები