„ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა ხმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა, „ქართული ოცნება“ მადლობას უნდა უხდიდეს სააკაშვილს“

ამომრჩევლების საკმაო ნაწილმა არჩევნებზე ხმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა. „ქართული ოცნება“ დიდ მადლობას უნდა უხდიდეს მიხეილ სააკაშვილს, რომ არა მისი ფაქტორი, შედეგი იქნებოდა ცოტა სხვა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. როგორც გიორხელიძემ აღნიშნა, არჩევნებზე დარღვევები იყო, მაგრამ ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
„არ მგონია, ლეგიტიმურობის საკითხი იდგეს. მართალია არჩევნები იყო სერიოზული დარღვევებით, მაგრამ არავის გაუყალბებია ქართველი ხალხის დღევანდელი განწყობა. ამ დარღვევებმა საერთო სურათი ვერ შეცვალა.
სხვა საქმეა, რამდენად აღიარებს პოლიტიკური ძალა იმ შედეგებს, რაც დადგა. რუსებს აქვთ ერთი სიტყვა -„ბეზპრედელი“, ქართული პოლიტიკა უკვე 28 წელია ზუსტად „ბეზპრედელია“ , იმიტომ, რომ აქ ყველაფერი მოდის, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. შედეგია გაღარიბებული ქვეყანა, თავმომწონე ხელისუფლებები, მერე თითქმის ყველა სამარცხვინოდ ტოვებს ხელისუფლებას და პოლიტიკურ არენას.
მეორე თემა რაც არის – აღიქვა თუ არა ხელისუფლებამ ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია? არა მგონია. საქმე ისაა, რომ ერთის მხრივ, სიღარიბე და უმუშევრობაა, ქვეყნიდან ხალხი გადის ინტენსიურად. მეორე მხარეა პოლიტიკური მხარე – ჩვენ გვაქვს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც აკონტროლებს ყველას და ყველაფერს. შედეგი ამას არა აქვს. ბუნებრივია საჭიროა ცვლილებები“, – განაცხადა გიორხელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება.
“მე კიდევ ვამბობ, როდესაც ორი წლის წინ პირველად ვთქვი, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, იმის იმედი მქონდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია რაღაც სერიოზულ პროცენტს კიდევ აიღებდა, სხვებიც აიღებენ და უკვე კარგი შანსი იქნება, კარგი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებისა, მაშინ უკვე ვერ იქნება ეს პროტესტები.
შეიძლება დღეს არა, მაგრამ მომავალი წლისთვის სრულიად რეალურად მეჩვენება ეს. ამას ვხედავ არა რომელიმე პარტიის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ, ამას ვხედავ სიტუაციის განმუხტვის მიზნით.
მეორე ტურში ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ ქართველი ხალხის, საკმაო ნაწილმა ხმა მისცა სააკაშვილის წინააღმდეგ. “ქართული ოცნება“ დიდ მადლობას უნდა უხდიდეს მიხეილ სააკაშვილს, რომ არა სააკაშვილის ფაქტორი, შედეგი იქნებოდა ცოტა სხვა. ჩვენი ხალხის მეხსიერება, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგია, რადგან მას არ უნდა დაივიწყოს ის, რაც დატოვეს წინა ხელისუფლების ლიდერებმა. ხელისუფლების უუნარობის გამო სამართლებრივად შეფასებული არ იქნა ის, რაც მოხდა, იგივე 2007 წელი, 2008 წელი და ა.შ. დღეს გვყავს პოლიტიკური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობა“ , რომელსაც თუ სასამართლომ არ აუკრძალა საქმიანობა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ვერავინ აკრძალავს მათ საქმიანობას. მათ ჰყავთ მხარდამჭერები. ამ ადამიანების განწყობების იგნორირება ხელისუფლების მიერ დიდი შეცდომაა ”, – განაცხადა გიორხელიძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია დღის წესრიგში ტოვებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და ასევე, ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.
“აქციები არამხოლოდ არ შეწყდება, არამედ გაფართოვდება, ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი გახდება და 16 დეკემბერს ჩვენ მივიღებთ ერთ გადამწყვეტ დიდ აქციას”, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები