ხათუნა ლაგაზიძე: სააკაშვილს არასოდეს დაავიწყდეს, რომ მილიონზე მეტი ადამიანი მასზე კვლავ გაბრაზებულია

დღეს ქვეყანაში არ არის რევოლუციური მუხტი, მათ შორის – არც იმ 800 000 ადამიანში, ვინც ვაშაძეს დაუჭირა მხარი. ეს გამოჩნდა 2 დეკემბრის აქციაზეც, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ლაგაზიძე არ თვლის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, თუმცა მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყება მოუწევთ.
“დავიწყოთ სააკაშვილით… როდესაც არჩევნების დასრულებისთანავე ჯარსა და სამართალდამცავებს მიმართა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, ამით მან გაამართლა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო რიტორიკა – სააკაშვილი არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის ემზადებაო. გამოდის, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაშიც სააკაშვილი აუცილებლად ეცდებოდა ჩამოსვლას და აქ რევოლუციური პროცესის დაწყებას…რაც შეეხება დღეს ვითარების გამწვავებას, მე ამას არ ველი რამდენიმე ფაქტორის გამო. ჯერ ერთი, დღეს ქვეყანაში არ არის რევოლუციური მუხტი, მათ შორის – არც იმ 800 000 ადამიანში, ვინც ვაშაძეს დაუჭირა მხარი. ეს გამოჩნდა 2 დეკემბრის აქციაზეც. სააკაშვილს არასოდეს დაავიწყდეს, რომ მილიონზე მეტი ადამიანი მასზე კვლავ გაბრაზებულია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესი, რომელიც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” სერიოზული მოწინააღმდეგეა. როდესაც სააკაშვილმა ხაზარაძესა და რუხაძეს შეუტია, ეგონა, ხალხი მადლიერი დარჩებოდა, რადგან ბანკების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო, მაგრამ ამ მესიჯმა ადრესატამდე ვერ მიაღწია, სამაგიეროდ, ყველა ბიზნესმენმა კარგად დაინახა, რომ ხაზარაძისა და რუხაძის შემდეგ, მათი დრო მოვიდოდა და რევოლუციური სცენარის განვითარების შემთხვევაში ისევ ძალისმიერი მეთოდებით დაიწყებდნენ მათგან ფულის ამოღებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროცესების რევოლუციური განვითარება ძნელად წარმოსადგენია.
საყურადღებოა უცხოეთის ფაქტორიც – არც მსოფლიოშია ვინმე მზად აქ სახელმწიფო გადატრიალების სცენარის მხარდასაჭერად; ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პირდაპირ მოუწოდა ოპოზიციას არჩევნების შედეგის აღიარებისკენ.
არ მგონია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, თუმცა ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” მოუწევთ მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყება.
რატომ ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს? პრაგმატული გათვლის გამო – მიღებული მხარდაჭერის მუხტის იმედი აქვთ და ვიდრე ეს ხმები მობილიზებულია, უნდათ, მეტ წარმატებას მიაღწიონ.
ხვდებიან, რომ თუ “ქართული ოცნება” მოახერხებს რეფორმების დაწყებას და თანაც პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალები გამოვლენ, 2020 წლისთვის ეს ხმები ისევ ნაწილ-ნაწილ დაეშლებათ”, – აცხადებს ლაგაზიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები