ბიბილოვი: არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკა “სამხრეთ ოსეთის” მიმართ არ შეიცვლება

ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არაფერს წარმოადგენს, ვინაიდან თბილისის პოლიტიკა “რესპუბლიკის მიმართ არ შეიცვლება, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი პოლიტიკოსებიდან არავინ ავლენს სურვილს ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ასაღიარებლად.
“ჩვენთვის, პრინციპში, საერთოდ სულ ერთია ვინ გაიმარჯვებდა საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოში. ვიცით, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებზე. ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა მოსულიყო მმართველობაში, ზურაბიშვილი თუ ვაშაძე, არცერთი არ მოაწერდა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მემორანდუმს ხელს. სურვილი, რომ ურთიერთობები დალაგდეს არცერთ მათგანს არ გააჩნია”,- აცხადებს ბიბილოვი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტი” არ გამორიცხავს, რომ გამარჯვების შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატი რაიმე განცხადებას გააკეთებს.
“მაგრამ ჩვენ არაფერს არ ველოდებით. ჩვენ მთლიანად საკუთარ ძალებს და რუსეთის მხარდაჭერას ვეყრდნობით”, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები