“ინტელექტმა” მამუკა წიკლაურის ჩანაწერები – “ცამეტი სისხლიანი მთვარე” გამოსცა
გამომცემლობა “ინტელექტმა” მამუკა წიკლაურის ჩანაწერების წიგნი – “ცამეტი სისხლიანი მთვარე” გამოსცა. “მიჭირს, სახელი დავარქვა ჩანაწერებს, რომლებიც ამ ოცი წლის წინათ, 1991-92 წლების მიჯნაზე შეიქმნა და ახლა ვთავაზობ მკითხველს. ალბათ, უფრო დღიურებია – ერთი კონკრეტული მოქალაქის, ერთი კონკრეტული მწერლის გულზე გადავლილი მძაფრი მოვლენების ქრონიკა – ასახული ატკივებული გულით და დანახული აცრემლებული თვალებით,- აცხადებს პოეტი,- ამ ჩანაწერებში ბევრი სახელი და გვარია მოხსენიებული, ზოგი როგორ და ზოგი როგორ… ისე, როგორც ისინი მე დავინახე იმ, მართლაც, დიდი ტკივილით ჩაბნელებულ დღეებში”.
22 მაისს, 19 საათზე, გამომცემლობა “ინტელექტის” ოფისში მამუკა წიკლაურის ჩანაწერების წიგნის “ცამეტი სისხლიანი მთვარე” პრეზენტაცია გაიმართება.
შეგახსენებთ, მამუკა წიკლაური 1938 წლის 4 აპრილს დუშეთის რაიონის სოფელ ბურსაჭილში დაიბადა. დღეისათვის ბურსაჭილი აღარ არსებობს. იგი ნასოფლარად იქცა. მამუკა წიკლაურისა და მისი თაობის რამდენიმე პოეტის სახელს უკავშირდება ვერლიბრის, თავისუფალი ლექსის დამკვიდრება ქართულ პოეზიაში. ვერლიბრი, როგორც სალექსო ფორმა, ცხადია, ახალი არ არის, მაგრამ ახალი თაობის პოეტებმა იგი ახლებურად წარმოაჩინეს. მისი პირველი ლექსები სტუდენტობის წლებში გაზეთ ”ახალგაზრდა კომუნისტში” გამოქვეყნდა. ლექსების პირველი წიგნი ” რკინის ფესვები” კი 1969 წლეს გამოვიდა. ამას მოჰყვა ლექსთა კრებული: ”თოვლის ქრიზანთემები” , ”დიდი ფოთოლცვენა”, ”ლექსები”, ”თორღვა ძაგანი”, ” აისბერგი სამხრეთისკენ მიდის” , ”წერილები”, ”ფრენის ტრაექტორია” , ”სტუმარი”, 1984 წელს რუსულ ენაზე გამოვიდა მამუკა წიკლაურის ლექსების წიგნი ”ყინულის ყვავილები”, რომელიც გიგა ჭელიძემ თარგმნა.
მამუკა წიკლაური ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ცოცხალ ლიტერატურულ პროცესში, თავის შეხედულებებს თამამად გამოთქვამდა. პოპულარული იყო მისი წერილები: მისი წერილები ” ლელთ ღუნიას ჯავრი და იმედი” , ”ქართული პოეზიის დღე”, ”პოეზია და მკითხველი”, ”პოეზიის გზები და მიზნები”, ” ვაჟა ფშაველას დიდი დღე”, ” 70-იანი წლების პროზა”, “ჟურნალი და ახალგაზრდა მწერალი” და სხვ.