კრემლი მზად არის, აზერბაიჯანს ყარაბაღი და 7 რაიონი გადასცეს

რუსეთმა აზერბაიჯანს თავისი წინადადებები წარუდგინა: უარი თქვას დასვლეთთან მჭიდრო პოლიტიკურ და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, დაბრუნდეს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლის სივრცეში და დათანხმდეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნას. ამის სანაცვლოდ, მოსკოვი მზად არის ბაქოს მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო არსებული ტერიტორიები გადასცეს – აცხადებს სომხეთის სპეცსამსახურის ექსხელმძღვანელი დავით შახნაზარიანი.
სომეხი პოლიტიკოსის აზრით, კრემლის ეს გეგმები პუტინის ნეოიმპერიული პოლიტიკის ჩარჩოში ჯდება:
,,მათ მთიან ყარაბაღში ახლა ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარისთვის, – მთიანი ყარაბაღისთვის, აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენენ. გამორიცხული არ არის, რომ ოფიციალური ბაქო აცნობიერებს ამას და, შესაძლოა, სწორედ ამით იყო გამოწვეული საგარეო საქმეთა მინისტრის მამედიაროვის რეაქცია, რომელმაც არა მარტო ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები წარმოდგენილ პრინციპებზე, არამედ ოფიციალურად განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის სამშვიდობო ოპერაციებისთვის, რომლის წინააღმდეგაც ყოველთვის გამოდიოდა ილჰამ ალიევი.
აზერბაიჯანმა ფაქტობრივად შეცვალა უწინდელი პოზიცია – აღედგინა სიტუაცია, რომელიც ომამდე არსებობდა და რომლის თანახმადაც ბაქო მიიჩნევდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია, აზერბაიჯანს დაუბრუნოს ის, რაც ომის დროს დაკარგა“, – აცხადებს პოლიტიკოსი. შახნაზარიანი სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის უპირატესობას აღნიშნავს.
,,სამხედრო ბალანსი უკვე დიდი ხანია რუსეთის ძალისხმევით აზერბაიჯანის სასარგებლოდ ირღვევა. ეს პროცესი არათუ გაგრძელდა, არამედ გაფართოვდა კიდეც, რადგან რუსეთისთვის აზერბაიჯანი შეიარაღების მხრივ ნომერ პირველი პარტნიორია. მეორე – ეკონომიკური ფაქტორია. რომ შევადაროთ სომხეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკური მდგომარეობა ახლა და 15 წლის წინ, დავინახავთ, რომ ის მუდმივად აზერბაიჯანის სასარგებლოდ იცვლება. მესამე – რეგიონის გეოპოლიტიკური ბალანსი არსებითად შეიცვალა სომხეთის საზიანოდ, განსაკუთრებით 3 სექტემბრის შემდეგ, როცა ოფიციალური ერევანი ერთ დღეში შემოტრიალდა ევროპული ინტეგრაციიდან რუსეთის საბაჟო კავშირისკენ და ფაქტობრივად კრემლს სომხეთის შიდა პოლიტიკის და უშიშროების საკითხები გადასცა “, – აღნიშნა მან.
შახნაზარიანი ფიქრობს, რომ კოჩარიან – სარგსიანის დუეტის დანაშაულებრივმა პოლიტიკამ სომხეთი დამოუკიდებლობის დაკარგვამდე მიიყვანა, ამ წლების განმავლობაში კი აზერბაიჯანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი:
,, რა მტკივნეულიც არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, აზერბაიჯანი საკმაოდ დამოუკიდებელ და მრავალმხრივ შიდა პოლიტიკას ატარებს. მიგრაციის ტემპებით სომხეთი უსწრებს აზერბაიჯანს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა, სომხეთისგან განსხვავებით, იზრდება. ენერგეტიკული უშიშროების საკითხი: სომხეთის მთელ ენერგოსისტემას რუსეთი განაგებს. ამ დროს კი აზერბაიჯანმა უზრუნველიყო თავისი ენერგეტიკული უშიშროება, ამავე დროს, სწორედ მასზეა დამოკიდებული ბევრი ქვეყნის ენერგეტიკული სფეროები. სომხეთის გავლენა საერთაშორისო არენაზე, განსაკუთრებით 3 სექტემბრის შემდეგ, არსებითად შემცირდა. აზერბაიჯანი კი უამრავ თანხებს ხარჯავს მისი გავლენის გაუმჯობესებისთვის და უკვე საგრძნობ შედეგებსაც მიაღწია“,- აცხადებს სომხეთის ყოფილი სპეცსამსახურის უფროსი დავით შახნაზარიანი.

10388408_520932684695997_206269492_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები