„საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია და მოსალოდნელია შემდგომი წინსვლაც“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გარემოზე და ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოში ინვესტიციების გასააქტიურებლად უკვე შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფონდი, პარალელურად დაგეგმილია სხვა ფონდების შექმნაც.
„ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარდა, საქართველო დგას ეკონომიკური ზრდის ახალი ეპოქის ზღურბლზე. ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ თავისუფალი და ღია ეკონომიკური გარემოს შექმნაში და წამოვიწყეთ რეფორმები ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისათვის ეკონომიკური შესაძლებლობების შემდგომი ზრდისათვის. გარდა ამისა, ჩვენ გავუმკლავდით კორუფციას. ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგებში საქართველო მერვე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო 2014 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლით, ჩვენი ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 7.4%.
უკვე 2014 წლის მეორე ნახევარში, ჩვენი მოლოდინით, დაიწყება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების ნაწილობრივი განხორციელება, რაც კიდევ უფრო მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენს ეკონომიკას. ჩვენი მიზანია კერძო სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რა მიზნითაც ურყევად დავიცავთ საკუთრების უფლებას, გავატარებთ ეფექტურ კანონებს კონკურენციის შესახებ და დავაწესებთ კომერციული დავების განხილვის სისტემას, ასევე უზრუნველვყოფთ გამარტივებულ საგადასახადო სისტემას, და განვავითარებთ კაპტალის ბაზარსა სხვა ფინანსურ მექანიზმებს. ჩვენი წარმატებები ეკონომიკის სფეროში აღიარებული და მოწონებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მსოფლიო ბანკის პროგნოზების თანახმად, 2014 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეადგენს 6.3%-ს. ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მიაღწია რა გაუმჯობესებას ეკონომიკური თავისუფლების ათი კატეგორიიდან ექვსში, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის, ინვესტირების თავისუფლების, მონეტარული თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვის კატეგორიების ჩათვლით.
იმავე რეიტინგის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა ევროპის 43 ქვეყანას შორის. საქართველოში ინვესტიციების გასააქტიურებლად უკვე შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფონდი. დაგეგმილია სხვა ფონდების შექმნაც. ამ წარმატებული ფონდების რიცხვშია სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, რომელიც უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის წარმოებაში ჩართულ კომპანიებს, ასევე საქართველოს საპარტნიორო ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებს.
გარდა ამისა, 2013 წლის სექტემბერში დაარსდა სპეციალური საინვესტიციო ფონდი – საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ასრულებს საქართველოში ინვესტიციების მთავარი მამოძრავებელი ძალის როლს. ეს ფონდი აქტიურად ეძებს ინვესტირების შესაძლებლობებს არსებული და ახალი ბიზნესების გასავითარებლად და შესაქმნელად ქვეყნის ეკონომიკის საკვანძო სფეროებში, კერძოდ, ენერგეტიკაში, ტურიზმსა და სასტუმრო ბიზნესში, სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში. ამ სექტორთა უმრავლესობა უკიდურესად აქტიურია და სთავაზობს ევროპულ კომპანიებს შესანიშნავ შესაძლებლობებს. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო ორი სექტორი. საქართველოს ენერგეტიკის სექტორი იძლევა ინვესტირების ჯერ კიდევ გამოუყენებელ პოტენციალს. ამჟამად ჩვენი ქვეყანა იყენებს თავისი ჰიდრორესურსების მხოლოდ 18%-ს.
საქართველოს ენერგეტიკული სისტემა დაკავშირებულია ყველა მეზობელი ქვეყნის შესაბამის სისტემებთან. 2012 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური ოდენობის 19.7%, ხოლო 2013 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელმა იმავე კატეგორიაში შეადგინა უკვე 20%-ზე მეტი“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ტურიზმზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2012 წელს საქართველოს ეწვია 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც 56%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.2013 წელს კი ტურისტების რიცხვი 5.4 მილიონამდე გაიზარდა.
“რაც შეეხება მეორე მძლავრ სექტორს, ტურიზმსა და სასტუმრო ინდუსტრიას, საქართველო ამაყობს ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში.
2012 წელს საქართველოს ეწვია 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც 56%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2013 წელს კი ტურისტების რიცხვი 5.4 მილიონამდე გაიზარდა. მოთხოვნა სასტუმრო ოთახებზე ყოველდღიურად იზრდება, უფრო სწრაფად, ვიდრე ამას მიწოდება აკმაყოფილებს. მიუხედავად ისეთი ბრენდების საქმიანობისა, როგორებიცაა „მარიოტი“, „შერატონი“, „ჰილტონი“, „რედისონი“ და „ჰოლიდეი ინი“, ბაზარზე კვლავაც არის საკმარისი სივრცე ამ მომსახურების სხვა მიმწოდებელთა დასამკვიდრებლად. გარდა ამისა, საქართველოს უნიკალური ადგილმდებარეობა იძლევა ევროპას, კასპიის ზღვის რეგიონსა და ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადის გამოყენებისა და კაპიტალიზაციის შესაძლებლობას. ჩვენ უზრუნველვყოფთ უმოკლეს გზას შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებს შორის. საქართველო კვლავ წარმოადგენს კასპიის ზღვის რეგიონიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების უსაფრთხო გზას. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ის კიდევ უფრო გაზრდის პროდუქციით ვაჭრობის მასშტაბებს მთელს რეგიონში. ჩვენ მსხვილ ინვესტიციებს ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურაში და ვგეგმავთ ახალი ღრმა წყლის პორტის მშენებლობას.
ერთი სიტყვით, საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია და მოსალოდნელია შემდგომი წინსვლაც. ევროკავშირისა და საქართველოს კონფერენცია ინვესტიციების თემაზე, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია თბილისში, 13 ივნისს, მიზნად ისახავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ფარგლებში შეთავაზებული შესაძლებლობების განხილვას და ხაზგასმას. იმედი მაქვს, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ შევხვდები ბევრ თქვენგანს, რათა უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლია საქართველოს გაუხსნას გზა რეგიონში საქმიანობის წარმართვით დაინტერესებულ ბელგიურ კომპანიებს“,-განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები