ირაკლი პეტრიაშვილი: ვაშაძე თუ გახდა პრეზიდენტი რევანშიზმი ქვეყანას არაფერში გამოადგება
სალომე ზურაბიშვილის არჩევით გვრჩება სივრცე, რომ აბსოლუტურად ახალი, პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდეს და მხოლოდ 2 პოლიტიკური ცენტრი არ იყოს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ” ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პეტრიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ის პროფკავშირულ ორგანიზაციებს მოუწოდებს, სამშაბათს 17:00 საათზე პროფკავშირების კულტურის სახლში მივიდნენ და პოზიცია დააფიქსირონ.
„ალბათ, ბევრის გაკვირვება გამოიწვია პირადად ჩემი და პროფკავშირების პოზიციამ, თუმცა, მთლიანად ეს იქნება თუ არა პროფკავშირების პოზიცია ამას სამშაბათს 17:00 საათზე პროფკავშირების კულტურის ცენტრში გავარკვევთ. ჩვენ მოვუწოდეთ ამ პოზიციის მხარდამჭერებს მობრძანდნენ.
რაც შეეხება პოზიციას – საზოგადოების 54 %-ია ისეთი, რომელიც არც ერთი და არც მეორე კანდიდატის სასარგებლოდ არ მოქმედებდა პირველ ტურში და ეს იძლევა ძალიან მკაფიო გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები და გამოწვევები აქვს. ეს გამოწვევები უმეტეს შემთხვევაში თანხვედრაშია პროფკავშირების პოზიციასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ გვინდა გავაჩინოთ ველი, სწორედ იმისთვის, რომ ამომრჩევლების იმ 54 %-მა იპოვოს თავისი ინტერესების მიხედვით ის საკითხები საარჩევნო რიტორიკაში, რომელსაც დღეს დღეისობით მოკლებულია. მეც ვეკუთვნი მათ და იგივე პოზიცია მაქვს. ამ დროს სასწორზე ვდებთ როგორც ერთი კანდიდატის, ისე მეორე კანდიდატის, როგორც ერთი პოლიტიკური ჯგუფის, ისე მეორე პოლიტიკური ჯგუფის ჩვენთან მიმართებაში და ქვეყანასთან მიმართებაში ვის რა პოზიცია ჰქონია და ვის რა გაუკეთებია ან დაუშავებია.
პროფკავშირები ხალხმრავალი და ძალიან მგრძნობიარე ორგანიზაციაა. იქ სადაც იდეოლოგიურად აბსოლუტურად საძულევლი ორგანიზაციაა ნეო-ლიბერალური მიმართულების მქონე პარტიისთვის და ასეთია სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, მათ კანდიდატსაც კი, შტაბის წევრებსაც, მიუხედავად იმისა, რომ მთლად პოპულარული არ არის საარჩევნო კამპანიის დროს ის იდეოლოგიური ლოზუნგები, რითიც გამოდიან, მაინც წამოსცდათ რკინიგზის გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები, ის რომ ჯანდაცვაში გადახდილი ფული შავი ფულია, ეს პროფკავშირებზე მოქმედებდა. თავი რომ დავანებოთ, იმ პიროვნულ ნეო-ლიბერალურ მიმართულებებს, რომელიც გაჯერებული იყო ბოლშევიკურ, კრიმინალური ელემენტებით, რაც თავის თავზე იწვნიეს პროფკავშირის წევრებმა. „ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც ბევრად უკეთესი გარემო არ გვქონია, ახსოვს საზოგადოებას როგორც ჩემთან მიმართებაში, შარშანდელ არჩევნებთან დაკავშირებით დამოკიდებულება რა იყო, რა ძალები იყო ჩართული, მთლიანად სისტემა როგორ უპირისპირდებოდა, რომ ეს ორგანიზაცია ვიღაცა ჯგუფს „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებულს ჩაედო ჯიბეში და ეს ბუნებრივია, არ მოხდა. მე, ადამიანი, რომელმაც ბევრი დარტყმა მივიღე დღევანდელი ხელისუფლებისგან, მე ვამბობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ორგანიზაციისთვის დღეს რევანშიზმი, თუ ვაშაძე პრეზიდენტი გახდა, მისი მოწოდებები 100- ათასიან აქციებთან დაკავშირებით რკინიგზის გაყიდვასთან, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით და ა.შ. არც იმ 54 %-ს, რომელმაც არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ არ მისცა ხმა, არც მთლიანად ქვეყანას არაფერში გამოადგება, არც ლარის კურსს დაასტაბილურებს, არც ეკონომიკას გააჯანსაღებს. არც ბანკების ტყვეობიდან დაიხსნის საზოგადოებას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, დღეს მისი ვალდებულებაა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
„არის თუ არა ეს პიროვნულად ჩემთვის მომგებიანი? რა თქმა უნდა, არ არის. ძალიან კომფორტულია, იჯდე თბილ გარემოში, ტელევიზორიდან ადევნო თვალი ამ მარაზმს, რასაც ვხედავთ ამ პერიოდში, მაგრამ ქვეყნის, ორგანიზაციის წინაშე ვალდებული ვარ, მქონდეს ჩემი პოზიცია. ამაზე ბევრ შეურაცხყოფას და კრიტიკას მივიღებ მეორე ჯგუფისგან, მაგრამ ვფიქრობ , აქ ბოღმით, შურით , შარშანდელი არჩევნებთან დამოკიდებულებით „ქართული ოცნების“, მე არ უნდა ვიმოქმედო. „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. ქვეყანასთან შედარებით ჩემთვის არის მეორე, მესამე , მეოთხე ხარისხოვანი. დღეს ამ კანდიდატის არჩევით გვრჩება სივრცე, რომ აბსოლუტურად ახალი, პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდეს და მხოლოდ 2 პოლიტიკური ცენტრი არ იყოს ამ ქვეყანაში , მესამე ახალი ძალა, კომპეტენტური , პატრიოტი ხალხით იქნება დაკომპლექტებული. პროფკავშირები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, თუ რა თქმა უნდა, თანხმობა იქნა, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურაც, ადამიანური რესურსებიც , ვფიქრობ, 170 ათასი კაცის რესურსი ნებისმიერ პარტიას შეშურდებოდა, მე მზად ვარ, გარკვეულწილად ვიყო ხიდი, ის რაც ნორმალური „ნოუჰაუ“ იქნება, ყველაფერი მივიტანოთ საზოგადოებამდე. მე ვაანონსებ, თუ პროფკავშირების თანხმობა იქნება , იმას, რომ პროფკავშირებ ს მეტი ამბიცია ჰქონდეს პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ჩვენ არ ვერეოდით და არ ვერევით პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკა ერევა ჩვენში. პოლიტიკა ერევა ჩევნში, როცა ვიღაცას სურს, რომ შრომის კოდექსი იყოს შუასაუკონეობრივი ნორმებით, როცა ამბობენ, რომ რეგულაცია არ უნდა იყოს არანაირი, სოციალური დახმარებები და დაზღვევა არ უნდა იყოს და ადამიანმა თავად უნდა გამოძებნოს საშუალებები ჯანმრთლობასთან, განათლებასთან დაკავშირებით, რათა დაირეგულირეოს პრობლემები. ეს ასე არ ხდეება“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.