“ნაცმოძრაობის უზნეო ტყუილს, რომელშიც ისინი ცდილობენ ჯარისკაცების დარწმუნებას, პასუხი გაეცემა ჰააგაშიც და სტრასბურგშიც”
სასამართლოს პროცედურის მიხედვით, შეიძლება, გამოიკითხონ ჯარისკაცებიც, მონაწილე პირებიც, მაგრამ არავითარი პასუხისმგებლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია, სამართლებრივად, არ არსებობს, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეალური სიტუაცია, პოლიტიკური თუ სამხედრო, მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია. “ერთმანეთისგან გასამიჯნია ორი საკითხი: ერთი ის, რომ არც ჩვენს ჯარისკაცს, არც რიგითს, არც ოფიცერს, არც უმაღლესი საოფიცრო რანგის წარმომადგენელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო. ფაქტები ყველამ იცის. რეალური სიტუაცია – პოლიტიკური და სამხედრო – მთელ მსოფლიოში ცნობილი და შეფასებულია. ჰააგის ტრიბუნალიდან, შესაბამისი კონვენციიდან რუსეთმა თავისი ხელმოწერაც კი გაიწვია, ვინაიდან თავისი პოზიციის უპერსპექტივობას ხედავს. არის მესამე საკითხი – წმინდა პოლიტიკური თემა, თუ ვინ შეუწყო ხელი, აგრესიისა და ოკუპაციის განხორციელებას. ამ ორი თემის ერთმანეთთან აღრევა არის “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ამოცანა. ასე რომ, სასამართლოს პროცედურის მიხედვით, შეიძლება, გამოიკითხონ ჯარისკაცებიც, მონაწილე პირებიც, მაგრამ არავითარი პასუხისმგებლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია, სამართლებრივად, არ არსებობს”,- აღნიშნა ვოლსკიმ.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ოპონენტები ცდილობენ ჯარისკაცებში შიშის დათესვას, რასაც პასუხი ჰააგის სასამართლოში გაეცემა “ნებისმიერი შეიძლება იქნეს გამოკითხული, ეს არის ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა. ჩვენი მხრიდან, ასეულობით მტკიცებულებაა წარმოდგენილი ჰააგის სასამართლოში. ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო მიფუჩეჩებული და შესაძლოა, განგებ გადამალული. მათ შორის არის გამოყენებული რაკეტების, ისკანდერის ნამსხვრევები, რომელიც, დიდი ძიების შემდეგ, შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ერთ-ერთ საწყობში. ეს არის რეალობა და ამ რეალობის გადასაფარად ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ყოფილი და ახლანდელი მომსახურე ჯარისკაცები დაარწმუნონ იმაში, თითქოს მათ რაღაც ემუქრებათ. ეს არის უზნეო ტყუილი და ამ ტყუილს, რასაკვირველია, პასუხი გაეცემა ჰააგაშიც და სტრასბურგშიც. გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში ძალიან საეჭვო ვითარებაში “ნაციონალურმა მოძრაობამ” წააგო ის სარჩელი, რომელიც თითქოსდა ეჭვს არ იწვევდა. დარღვეულია პროცედურები, მაშინ, როდესაც, ამ პროცედურების თაობაზე ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ასე რომ, სახეზე გვაქვს ვითარების დამახინჯების და განზრახ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს არის იმდენად თვალსაჩინო, რომ არ მგონია ჩვენს ოპონენტებს ქონდეთ ამის საწინააღმდეგო განცხადება, თუ არა დემაგოგია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.