ეკა ბესელია სააკაშვილზე: ჯარისკაცები მთავარსარდალმა მიატოვა და იმ დღეებში მიწაზე ფორთხავდა

იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, ჯარის და სამხედრო ნაწილის პოლიტიზირება მიუღებელია. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ ჯარისკაცების, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეთა თემას საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს და დემაგოგიას მიმართავს.
„შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების, სამხედროების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში, მათი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, არის ყველაზე მძიმე დანაშაული,
ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული საქმე. ჩვენ მოვახერხეთ ჯარის დეპოლიტიზება. მახსოვს პერიოდი, როცა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯარს იყენებდა.
ჯარისკაცები, რომლებიც ომის დღეებში ქვეყნის მთლიანობას იცავდნენ საკუთარი სიცოცხლის ფასად, მთავარსარდალმა მიატოვა და იმ დღეებში მიწაზე ფორთხავდა. სხვა პასუხისმგებელი პირებიც, ვინ სად გარბოდნენ, კარგად ვნახეთ. შემდეგ უკვე ზოგი ჯარისკაცი დეზერტირობისთვის გაასამართლეს, ზოგი ჯაშუშობისთვის და სამშობლოს ღალატისთვის. ჯარისკაცებში განხეთქილებისა და ცრუ ინფორმაციის შეტანა, ეს უკვე წითელი ხაზების გადაკვეთაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები