მთავრობა უსახლკაროების პრობლემების დაძლევის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს

საქართველოს მთავრობა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. შესაბამისი ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
აღნიშნული ვალდებულება მთავრობამ “ღია მმართველობა საქართველოს” 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის მიზანია, ღია მმართველობის ფარგლებში შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია/საბჭო, რომელიც გაანალიზებს არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებს და შეიმუშავებს საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმას.
“დღეს ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარობის პრობლემის დაძლევის ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რომელიც საფუძვლად დაედება ადგილობრივად პრობლემის ეტაპობრივ მოგვარებას. ბუნდოვანია საკანონმდებლო რეგულაციები, მათ შორის, უსახლკარობის სტატუსის დადგენის ზუსტი მეთოდოლოგია, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებისა და ფუნქციების გამიჯვნის ნაწილში. შესაბამისად, აუცილებელია ერთიანი, კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რომელიც იქნება დროში განგრძობადი და სისტემურად უზრუნველყოფს ხარვეზების აღმოფხვრას. საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის მთავარი მიზანია, არსებული საჭიროებების იდენტიფიცირების გზით, სახელმწიფომ შეიმუშაოს ხედვა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის სახით, რაც ეტაპობრივად უპასუხებს უსახლკარობის გამოწვევებს საქართველოში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4364776?publication=0

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები