ჯაბა ჯიშკარიანი: სერგო თეთრაძე წამების შედეგად გონსმოუსვლელად გარდაიცვალა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ჯაბა ჯიშკარიანი პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის საქმეზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დათა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად ძალაში დატოვების თემას სოციალური ქსელში ეხმაურება.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, სერგო თეთრაძე წამების შედეგად ცუდად გახდა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
“დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად, ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად”, – წერს ჯაბა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, რომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბრალდებული ბაჩო ახალაიას მიმართ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
სასამართლომ საქმეზე ბრალდებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მისჯილი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები