გრიგოლ ვაშაძე: მოვუწოდებ წულუკიანს და ზალკალიანს, დატოვონ დაკავებული თანამდებობები

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თანამდებობებიდან გადაყენებას მოითხოვს.
„რუსეთის 2008 წლის სამხედრო ტერორისტული აგრესიის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა 2012 წლამდე ძალების დაუზოგავად იძიებდა იმ დანაშაულებს, რომლებიც საოკუპაციო არმიამ და სეპარატისტულმა ფორმირებებმა ჩაიდინეს ოკუპირებული ცხინვალის და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. 2013 წლის შემდეგ ეს მუშაობა შენელდა, სანამ 2015 წლის მარტში მინისტრმა წულუკიანმა არ შეატყობინა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომ საქართველო წყვეტს გამოძიებას, რის შემდეგაც უკვე ჰააგის სასამართლო ჩაერთო საქმეში და მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. თუ ამ საქმის მსვლელობისას ე.წ. ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს საწინააღმდეგოდ და შედეგად დავდგებით უმძიმესი საფრთხის წინაშე. ე.წ. ოცნებამ და წულუკიანმა შეძლეს წარმოუდგენელი, წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს ოკუპანტი სახელმწიფოს აგრესიის მსხვერპლის, საქართველოს წინააღმდეგ. სახეზე გვაქვს პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის მიზნით საკუთარი ჯარისკაცებისა და საკუთარი სახელმწიფოს მიმართ საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ცალსახა ვერაგული აქტი. მოვუწოდებთ წულუკიანს და ზალკალიანს, რომ დატოვონ დაკავებული თანამდებობები”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები