“ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ევროსაბჭოს ანგარიშში სანდო ინფორმაციაა”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშს უმნიშვნელოვანესად აფასებს, რადგან მისი თქმით, მასში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ სანდო ინფორმაციაა.
„ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც რეგულარულად ქვეყნდება, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, არამხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ევროსაბჭოს სახელით, არამედ ერთ-ერთი სანდო საინფორმაციო წყაროა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით განვითარებული ტენდენციების თაობაზე. მისი მეშვეობით საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად იღებს ინფორმაციას იმ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე, რომელსაც ქმნის მიმდინარე რუსული ოკუპაცია.
დოკუმენტში მიმოხილულია ბოლო პერიოდის მოვლენები, გაკეთებულია აქცენტები ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაზე, მათ შორის, უკანონო ე.წ ბორდერიზაციის პროცესზეც, რასაც ადგილი ჰქონდა სოფელ ატოცთან. ეს განსაკუთრებით ხაზგასმულია სწორედ ევროკავშირის დელეგაციის შესაბამის განცხადებაში, რომელიც გამოეხმაურა ევროსაბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშს და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა უკვე სამშვიდობო პოლიტიკისა და ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული აქტივობების მიმართ.
მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭო კონსოლიდირებული ანგარიშის გარდა, რეგულარულად უჭერს მხარს ნდობის მშენებლობის არაერთ პროექტს, რაც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ჩვენი პარტნიორები მზად არიან, გააგრძელონ და კიდევ უფრო გააქტიურონ ძალისხმევა იმ ახალი სამშვიდობო ინიციატივების ფონზე, რასაც არაერთხელ დაუჭირეს ჩვენმა პარტნიორებმა მხარი. მათ შორის ევროსაბჭომ, ევროკავშირმა, აშშ-მ, ნატო-მ და სხვა პარტნიორებმა, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში.
​ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ, ყველა დიპლომატიური შესაძლებლობით მუდმივად იყოს ინფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობა არსებული ვითარების შესახებ, რომ ჩვენ შესაბამისად დავგეგმოთ უკვე კოორდინირებული პოლიტიკა, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. მეორეს მხრივ, საყურადღებოა, რომ ამ ანგარიშში ხაზგასმულია მნიშვნელობა ადგილზე საერთაშორისო მისიების დაშვებისა, რაც სამწუხაროდ, მიმდინარე რუსული ოკუპაციის პირობებში დღემდე ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები ამ ძალისხმევას აგრძელებენ. იგულისხმება, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ისე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ინსტრუმენტები, ასევე აქცენტებია გაკეთებული და ხაზგასმულია გაძლიერებული ძალისხმევის საჭიროება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეუფერხებელი მუშაობის გასაახლებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც გამომდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიდან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1329-ე სხდომაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები