პრემიერი: სამშვიდობო ინიციატივების დანერგვისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა აუცილებელად გვჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი გზავნილისთვის, რომელიც ანგარიშშია ასახული, მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სამშვიდობო ინიციატივების დანერგვისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა აუცილებელად საჭიროა.
„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს ასეთი მნიშვნელოვანი გზავნილისთვის, რომელიც ანგარიშშია ასახული. ძირითადი ტექსტი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ იმას, რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ჰუმანიტარული კატასტროფა. ძალიან კარგია, რომ ევროპის საბჭო მიესალმება იმ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც გაჟღერებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან. ამასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ანგარიშში დაფიქსირებულიყო პარლამენტის მიერ მიღებული „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ და ის გარემოებები, რომელიც დაკავშირებულია ამ ორ ტრაგიკულ საქმესთან. იქ არის ერთმნიშვნელოვანი მოწოდებები დეფაქტო მთავრობების, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს სასტიკი დანაშაულებები ჩაიდინეს. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ანგარიში ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ ეს საქმეები მივიყვანოთ ბოლომდე.
სამშვიდობო ინიციატივების დანერგვისთვის აუცილებლად გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. შესაბამისად, ეს ძლიერი გზავნილი, რომელიც ევროპის საბჭოდან მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებში წარმატებულები ვიყოთ. მინდა გითხრათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებში სამშვიდობო ინიციატივების ძალიან დადებითი აღქმა იყო. შესაბამისად, ჩვენ ვართ მზად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად აღნიშნული სამშვიდობო ინიციატივის დანერგვა უახლოეს მომავალში დავიწყოთ. ჩვენთვის აუცილებელია, რომ როგორმე შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლა, რათა არ მივიღოთ ყველაზე ტრაგიკული სურათი, რომ როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთში იყოს მხოლოდ საოკუპაციო ჯარის ბაზები და არ ცხოვრობდეს ჩვენი მოსახლეობა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები