ირაკლი ქადაგიშვილი: ობიექტური პირობები იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, არ არსებობს

,,ობიექტური პირობები იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, არ არსებობს”, – ამის შესახებ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე საუბრისას, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ქმედებების შედეგად ურთიერთობების დამაზიანებელი პირობები მოხსნილია.

„ჩვენ ვიცით ჯგუფი, „დიფ სთეითი“, რომელიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთელ მსოფლიოში მოქმედებს ამ მექანიზმებით და იარაღით – ბუნებრივია, მათ ექნებათ მცდელობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესში ეს „მეგობარი აქტი“ გაიტანონ, რითაც აქ ამ რადიკალურ ოპოზიციას, დროებითი სუნთქვის რეჟიმი გაუხანგრძლივონ.

მაგრამ საზოგადოებამ იცის, რომ ეს პოზიტიური საქმიანი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგარია ანუ ის, რაც აღმოჩნდა ჩვენი ურთიერთობების დამაზიანებელი, ამ ახალმა ადმინისტრაციამ თავისი ქმედებებით, მოხსნა. ჩვენ გვედავებოდნენ იმაზე, რომ რატომ ვეძახით კაცს კაცს და ქალს ქალს, რატომ გვინდა, რომ დემოკრატიული ქვეყანაში უცხოური დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. ესეც მოხსნა ამ ადმინისტრაციამ. ჩვენ ვამბობდით, რომ ვერ ჩავერთვებით ამ კონფრონტაციაში რუსეთთან იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნებოდა ისტორიული დამანგრეველი მარცხი. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად ეს ომი დასრულდეს.

ანუ ობიექტური პირობები იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები არ არსებობს. ისეთი რეციდივები, რასაც უილსონი და „მეგობარი აქტი“ გვპირდება, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე იზეიმებს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები