ირაკლი ქადაგიშვილი: იქნება ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელიც მაინც გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ იქნება მეორე ნაწილი, „შეურიგებლები“ , რომლებიც ეცდებიან, რომ არჩევნების ჩაშლაზე გარკვეული გეგმები დასახონ
,,ოპოზიცია დაბნეულია. თუ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ მოუწევთ აღიარება იმისა, რომ თურმე ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და მასში მონაწილეობას აზრი აქვს, არ მიიღონ მონაწილეობა ნიშნავს, რომ საერთოდ რადიკალურ მარგინალებად ჩამოყალიბდებიან. ამიტომ არჩევანი ცუდსა და უარეს შორის აქვთ”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ის უშუალოდ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ საჭიროებებთან, ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს.
„ადგილობრივი არჩევნები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2020 წელს, როცა ანალოგიური საბოტაჟი მოაწყო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ, მაშინ ჩართო შარლ მიშელი და სხვათა შორის ჩაიდო ძალიან არაკონსტიტუციური დებულება (მაგრამ იმის გამო, რომ თითქოსდა ეს პოლიტიკურ პროცესს მოაწესრიგებდა), რომ თუ „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაშინ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. მოგეხსენებათ, ჩვენ მაშინ დაახლოებით 50%-მდე ხმა მივიღეთ. ანუ, უმნიშვნელოვანესია ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობა იმიტომ, რომ გარდა ამ პოლიტიკური მდგენელისა ის უშუალოდ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ საჭიროებებთან, ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს და საკმაოდ ეფექტურადაც.
ოპოზიცია ახლა დაბნეულობაშია – მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ ისედაც აბსურდის დონემდე დაყვანილი ეს პოლიტიკა, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს საერთოდ კომიკურ ხასიათს იძენს იმიტომ, რომ მოუწევთ აღიარება იმისა, რომ თურმე ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და მასში მონაწილეობას აზრი აქვს. არ მიიღონ მონაწილეობა ნიშნავს, რომ ისედაც მარგინალიზაციის გზაზე მდგარი ეს რადიკალური ოპოზიცია საერთოდ რადიკალურ მარგინალებად ჩამოყალიბდება. ამიტომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის აქვთ. ეს არჩევანი თვითონ შექმნეს. ისინი არავის, მითუმეტეს ხელისუფლებას ამ მდგომარეობამდე არ მიუყვანია, თვითონ გეგმაზომიერად გარე კარნახს აყოლილებმა მიიყვანეს თავის თავი. ბუნებრივია, რომ ეს შიდა დისკუსიას, განხეთქილებას და დაპირისპირებას ბადებს. ჩვენ არ ვაპირებთ მათ ამ მდგომარეობაში ჩარევას. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, იქნება ერთი ნაწილი, რომელიც მაინც გადაწყვეტს საბოლოო ჯამში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ იქნება მეორე ნაწილი „შეურიგებლები“ დავარქვათ პირობითად, რომლებიც ეცდებიან, რომ არჩევნების ჩაშლაზე გარკვეული გეგმები დასახონ. რა თქმა უნდა, ეს გეგმები უპერსპექტივო იქნება, მაგრამ ამას უნდა ველოდოთ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.