კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ ომარ ლანჩავას გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ომარ ლანჩავას გარდაცვალების გამო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ომარ ლანჩავა ხელმძღვანელობდა ქუთაისის არქეოლოგიურ ექსპედიციას, სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა ვანის, ვარციხის, კოლხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციებში. იგი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუსი, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. ომარ ლანჩავას ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.
საქართველოს კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს ომარ ლანჩავას ოჯახს, ახლობლებს, მუზეუმის თანამშრომლებს.