“ეკონომიკური ანექსიის მორიგი აქტი ხორციელდება”,- თამაზ ხუბუა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ავიამიმოსვლის დაწყებაზე

“ეკონომიკური ანექსიის მორიგი აქტი ხორციელდება”,- ასე ეხმაურება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე , თამაზ ხუბუა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ავიამიმოსვლის დაწყებას.

როგორც ხუბუამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აეროპორტი უფრო სამხედრო დანიშნულებისაა, ვიდრე ტურისტების მოსაზიდად განკუთვნილი.

“ამ ოკუპირებული ტერიტორიის მიმართ რუსეთის დამოკიდებულებაში ახალი არაფერი მომხდარა. ეკონომიკური ანექსიის მორიგი აქტი ხორციელდება. როგორც აღნიშნეთ, პირველ მაისს მოსკოვსა და სოხუმს შორის პირველი ავიარეისი განხორციელდა, 50- კაციანმა თვითმფრინავმა პირველი რეისი შეასრულა, დე ფაქტო ადმინისტრაცია და მისი მომხრეები შეეცადნენ, ეს ღონისძიება ძალიან პომპეზურად აღენიშნათ, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის გარე სამყაროსთან ურთიერთობის დაწყების ახალი ფაზა. ამის დასტურად ამ ღონისძიებას სტუმრებიც ესწრებოდნენ: პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სერგეი კირიენკო, ჯანდაცვის მინისტრი მურაშკო და სხვები, რომლებმაც ღონისძიებაზე თავიანთი დასწრებით მხარი დაუჭირეს მოსკოვი – სოხუმის მარშრუტით მატარებლის, “დიოსკურიის” პირველ რეისსაც, რომელიც რეგულარულად იმოძრავებს. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქართველოს კანონის უხეში დარღვევა, ასევე არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ICAO-ს დებულების უხეში დარღვევა. იმ დებულების დარღვევა, რომლის შესრულება თვით რუსეთს აქვს ნაკისრი და ამით ხაზი გაესვა რუსეთის გეგმებს, რომ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია, საქართველოს ეს ძირძველი რეგიონი, თავის ნაწილი გახადოს და თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს.

რა დატვირთვა აქვს ამ ავიარეისების გახსნას და საერთოდ ამ ფაქტს რუსეთისთვის, აფხაზეთისთვის: თქვენ მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის აეროპორტი ექსპლოატაციისათვის სპეციალური ე.წ. ხელშეკრულებით მოსკოვს აქვს გადაცემული. აეროპორტი თავისი პარამეტრებით მსოფლიო დონის სატრანსპორტო ობიექტია, დიდი მანძილის ასაფრენ – დასაფრენი ბილიკი აქვს. 10-ბალიანი სისტემით რომ შევაფასოთ, რვა-ცხრა ბალი ამ აეროპორტის სამხედრო დანიშნულებას ეკუთვნის , 1% კი, ტურისტების მოზიდვას. მაგრამ, დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მესვეურები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ეს ავიარეისები წამგებიანი იქნება. აფხაზეთის ტერიტორია ენგურიდან დაწყებული ფსოუმდე, ბრილიანტივითაა და აღქმულია, როგორც საკურორტო ზონა, მაგრამ ძირითადი დატვირთვა როგორც მოგეხსენებათ, გაგრაზე, ბიჭვინთაზე, ახალ ათონზე მოდის. ესენი უფრო ჩრდილო- დასავლეთისკენ არის და ტურისტისთვის ძალიან ხელსაყრელია, სოჭის აეროპორტიდან, ცნობილი ადლერის აეროპორტიდან შევიდნენ, იმიტომ, რომ ახლოსაც არის და რაც მთავარია, ორჯერ უფრო იაფი ჯდება. ამიტომ, ძალიან საეჭვოა, რომ მაინცდამაინც სოხუმში დაფრენით იყვნენ დაინტერესებული ის ტურისტები, რომელთა შესვლაზეც სეპარატისტი ეკონომისტები ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობენ. ერთ-ერთი მათგანი, ვინმე სელეზნოვი ამბობს, რომ ეს ტურიზმიდან შემოსავალს 11%-ით გაზრდის და სადღაც 50 მილიარდ რუსულ რუბლს მიაღწევს , რაც დაახლოებით 600 მილიონზე მეტია და ა.შ. აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ პარამეტრების შემმოწმებელი ვინ არის? არავინ. თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ არ არსებობს არც სახელმწიფო, არც საერთაშორისო, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ, რევიზია გაუკეთონ იმ მონაცემებს, რომლებსაც აფხაზეთის ე.წ. სტატისტიკის დეპარტამენტი აცხადებს. ისინი იმ რიცხვებს ასახელებენ, რისი სურვილიც აქვთ და რაც უნდათ, გარე სამყაროს მოაჩვენონ.

ჩვენი ამ საკითხებისადმი რეაქცია მთლიანად დადასტურებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დამოკიდებულებაში. თავისთავად ცხადია, დევნილი, ლეგიტიმური ორგანოები, საკანონმდებლოც და აფხაზეთის მთავრობაც ამ საკითხს ნეგატიურად აფასებენ და მხარს უჭერენ იმ ღონისძიებებს, რომლებიც დასმული უნდა იქნას საერთაშორისო, ჰუმანიტარული , პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, რათა ხმა აიმაღლონ რუსეთის მხრიდან განუწყვეტელ დარღვევებზე იმ კანონმდებლობისა, რომელიც საერთაშორისო სამართლით უნდა რეგულირდებოდეს. როგორც დავიწყე, ისე დავასრულებ: აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ახალი არაფერი მომხდარა, სეპარატისტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფოობანას თამაში გრძელდება”- განაცხადა ხუბუამ.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის , 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდა. რუსული მედიის ცნობით, პირველი ფრენა ავიაკომპანია „UVT AERO-მ “ შეასრულა. სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს ასევე განახორციელებენ, Ifly-ის ავიახაზები მოსკოვიდან და NordStar-ი მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რუსული ავიაკომპანიების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი ავიაკომპანიის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან, რომელიც არ არის სერტიფიცირებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და სადაც, ქართული მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობა, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) დარღვევას.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

“რუსული ავიაკომპანიის მიერ 2025 წლის 1 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლოატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია.

ასევე შემაშფოთებელია რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მ.წ. 1 მაისს სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე.”- წერია სამინისტროს განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები