დე ფაქტო სოხუმი: აფხაზეთი მზადაა ადეკვატური ზომები მიიღოს თბილისის ავანტიურულ ქმედებებზე

დე ფაქტო აფხაზეთის “საგარეო უწყება” მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის შეთანხმების თანახმად, ვაზიანში NATO-ს ეგიდით, სამხედრო ავიაბაზა უნდა აშენდეს, ეხმაურება.
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ისა და საქართველოს საერთო ინტერესების რეალიზება თვალსაჩინოდ მიუთითებს, რომ საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა NATO-სთან მიზანმიმართულად ფართოვდება უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში და ხარისხობრივად მაღალ დონეზე გადადის.
“სამხედრო აეროდრომის დაგეგმილი მოდერნიზაცია, რომელსაც შეეძლება მიიღოს აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, მას სამხრეთ კავკასიაში​ NATO-ს მძლავრ ლოჯისტიკურ ცენტრად გადააქცევს. ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ვაზიანის თავდაცვის ცენტრი გამოიყენება მხოლოდ საქართველოსა და NATO-ს სამხედრო წვრთნებისთვის, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. მსგავსი ინფრასტრუქტურა თავისუფლად შეიძლება იყოს გამოყენებული, საჭიროების შემთხევაში, სამხედრო ესკალაციისთვის რეგიონში”,- აცხადებენ დე ფაქტო სოხუმში.
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონის მიერ განხორციელებული საქართველოს სრულმასშტაბიანი მილიტარიზაცია სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის პოტენციურ კერას ქმნის და საბოლოოდ, ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები