ირმა ინაშვილი: მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, მხარი დაუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს

პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურში იაქტიურონ და მხარი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ. ამის შესახებ ინაშვილმა “იმედის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
“მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, იაქტიურეთ და მხარი დაუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს”, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, იმ ამომრჩევლების 53%-ში, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე არ მივიდნენ, დიდი ნაწილი “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები იყვნენ.
„დღეს კი ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ სააკაშვილებს, ბოკერიებს, ბაქრაძეებს, ვაშაძეებს და ა.შ. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ყოველგვარი ამბიციებისგან , ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილს ირჩევს ქართველი ხალხი.
„ჩვენთან ერთად, სხვა აქტიურ ჯგუფებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს და ტირანიას ვებრძოდით, დღეს სალომე ზურაბიშვილს ირჩევს ქართველი ხალხი და ის მომავალში პასუხისმგებელი და ვალდებული უნდა იყოს სწორედ ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, არსებობს რადიკალიზაციის დიდი საფრთხე, ვინაიდან ნაციონალური ხელისუფლების თანამდებობის პირების წინააღმდეგ 50 ათას ადამიანს აქვს ჩვენება მიცემული.
„ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს?“, – აცხადებს ინაშვილი.
ამიტომაც, მეორე ტურის შემდეგ ის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების გარდა სხვა რეალობას არ უშვებს.
მისი გათვლით საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე გრიგოლ ვაშაძემ რეალურად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17,5 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ მას 80%-ზე მეტმა უთხრა უარი.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები